logo_geo
eng_logo
„რეზიდენტის შეცდომა“
- +

19 ოქტომბერი. 2023. 17:58

 

 

გუშინ მე და ჩემი კარგი მეზობელი, ბატონი გოგი, ტელეეკრანთან მოკალათებულები, ერთად ვტკბებოდით ცეილონის ჩაითა და ირაკლი კობახიძის მორიგი მასტერკლასით. შესვენების პერიოდში, დროის მოკვლის მიზნით, ნაცეკრანზე „არამკითხე მოამბესავით“ (გამოთქმაა ასეთი) გამომხტარ დავით თევზაძეზე „გაგულავებით“ შევიქციეთ თავი: ბატონი გოგი დაჟინებით მოითხოვდა „მეღიარებინა“, რომ ხსენებულ „გენერალს“ გენერლის მხოლოდ ულვაშები აქვს და რომ სინამდვილეში ერთი „შეშა“ ვინმე იყო. მე არანაკლები დაჟინებით ვუმტკიცებდი, რომ გარკვეული იძულებიდან გამომდინარე, უბრალოდ, თავს იბრიყვებს, თორემ განათლება მაგას რომ აქვს, ისეთი უნდა-მეთქი. ამაზე ჩემმა ვიზავიმ თვალები გადაატრიალა, „შენ ჩემზე დაუნდობელი ყოფილხარ, „გენერლების“ ბრიგადირობაზე რომ აქვს პრეტენზია, ის კაცი რომ ვიღაცის ან რაღაცის იძულებით თავს იბრიყვებდეს, ამაზე მეტი სიმცირე და სიპატარავე რა უნდა იყოსო, კაცი კი არა „პრობკა“ ყოფილაო.

 

ჩვენი კამათის მიზეზი შეიძლება ყველამ არ იცოდეს, ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი, საქმის არსი გაგაცნოთ. რაც არ უნდა იყოს, „გენერალზეა“ საუბარი:

 

„ტვ პირველის“ აგრესიული უცოდინარობით გამორჩეული „ჟურნალისტკა“ ეკითხება ბატონ დავითს - „ოცნების“ თავმჯდომარემ პრეზიდენტს „კოჭლი იხვი“ უწოდა და თქვენ ამაზე რას ფიქრობთო?“

 

იმ წუთამდე დინჯისა და სიტყვაძუნწის იმიჯის მქონე მინისტრყოფილმა (ჰოი, საოცრებავ), „პასუხი არ დააყოვნა“ და... „ნუ, უზრდელი ყოფილაო!“

 

(ეს იქიდანაა, „დათვური სამსახური“ და „სირაქლემას პოზა“ ზოოლოგიაზე საუბარი, ხოლო „ბეწვის ხიდზე სიარული“ ეკვილიბრისტიკის მაგვარი რამ რომ გგონია. ამავე კონტექსტში, გაუგებრობას რომ არ ჰქონდეს ადგილი, ზემოთ ნახსენები „შეშა“, ავტორის მიერ არა ცეცხლში შესაკეთებელი საგნის, არამედ „რეგვენის“ მნიშვნელობით არის ნახმარი).

 

კითხვის ავტორმა, რასაკვირველია, „ყურადღება არ მიაქცია“, რომ ირაკლი კობახიძემ, იცოდა რა, რომ გამოთქმის არსი ყველასთვის ცნობილი ვერ იქნებოდა, იქვე განმარტა, „კოჭლი იხვი“ ცნობილი ამერიკული ტერმინიაო.

 

(მეტი კონკრეტიკა მათთვის, ვისაც დაგუგლვა ეზარება - „უზრდელი“ ამერიკელებისთვის „კოჭლი იხვი“ ლეგიტიმაცია გალეულ, რეალურად უფუნქციოდ დარჩენილ პოლიტიკური თანამდებობის პირს ნიშნავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, „კოჭლ იხვად“ მოიხსენიებდნენ პრეზიდენტებს - ადამსს, ჯონსონს, ნიქსონს, კარტერს... ამავე ტერმინით „ამკობდნენ“ პრემიერ ტონი ბლერს, ასევე „ზრდილობასთან მწყრალად მყოფი“ ბრიტანელებიც).

 

მავანი იტყვის, შესაძლოა, ბატონი დავითი იმათი რიგებიდანაა, ვისაც აღნიშნული გამოთქმის შესახებ აქამდე არაფერი სმენოდაო. შესაძლოა ასეც იყო, მაგრამ ის ხომ უნდა იცოდე, რომ როცა ოფიციალური პირი ხარ, პასუხებს „ნაჯახივით“ არ უნდა ისროდე? („ნაჯახიც“ „რეგვენის“ სინონიმია). მითუმეტეს, თუ ეს პასუხი ქვეყნის ერთ-ერთი პირველი პირის შეურაცხყოფას შეიცავს. წითლიძეების, ნაცვლიშვილების, აქუბარდიების, სამნიძეების, სამადაშვილებისა და სხვა მოწიოკე ნაცქალების, ან სულაც ხუხაშვილის დონემდე ხომ არ უნდა დაეცე „ამხელა ბიოგრაფიის“ კაცი?

 

ადამიანს ასეთი გზა რომ აქვს გავლილი პოლიტიკაში და დღესაც პროცესების შუაგულში რომ ტრიალებს, სახელმწიფოებრივი აზროვნება, თუკი ეს აკრძალული არ აქვს, ავტომატურად უნდა ერთვებოდეს, უნდა ესმოდეს, რომ იმ ადამიანების შეურაცხყოფა, ვისაც ქვეყნის ბედი აბარია, სახელმწიფოს შეურაცხყოფაცაა და მათ მიმართ უდიერი დამოკიდებულება, პირველ რიგში, სახელმწიფოსთვის არის ზიანის მომტანი. გარდა ამისა, სახელმწიფო სამსახურში მყოფ პერსონას, მითუმეტეს ყოფილ სამხედროს, ისიც კარგად უნდა მოეხსენებოდეს, თუ რას ნიშნავს იერარქია, მოხელის პასუხისმგებლობა და სუბორდინაცია.

 

მაგრამ... აქ პრობლემა სხვა რამეშია. ბატონ დავითს, კრიტიკულ სიტუაციაში, მისი ფუნქციის მქონე კაცისთვის ესოდენ მნიშვნელოვანმა თავშეკავებამ უღალატა, ჩარჩოებიდან ამოხტა და უბრალოდ - გ ა ი შ ი ფ რ ა. აშკარაა, რომ ის ქართულ პოლიტიკურ რეალობაში გავლებული მკაფიო წითელი ხაზის იმ მხარესაა, სადაც „მისი“ პრეზიდენტია პორტირებული და სადაც წამყვან ძალას ნაცაგენტურა წარმოადგენს.  

 

„იქით მხარეს“ დგომა დავით თევზაძისთვის შინაგანი მდგომარეობაა, თუ იძულებითი არჩევანი, არავისთვის არის საინტერესო. მთავარია, რომ „ნაცია“. „ნაცი“ კიდევ „ნაცია“, გინდა ულვაშიანი და გინდა უულვაშო და აქ მხოლოდ ერთი დახასიათება მოქმედებს - „ნაცობა“ სირცხვილია(!).

ჭირი - იქა, ლხინი - აქა, ქატო - იქა... და ა.შ.

 

ბიძინა  დვალი

19.10.2023 წ.

 

P.S. ეს რომ პირველი შემთხვევა იყოს, შეიძლება ასეთი სიმკაცრე არც გამომეჩინა, მაგრამ როცა ცნობილ აქციაზე „მისმა“ პრეზიდენტმა  სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა ოჯახის წევრების მიმართ გაუგონარი, მართლა თავხედობამდე და უზრდელობამდე მისული უპატივცემულობა გამოხატა და ამის მხილველ, მის გვერდით თუთიის ჯარისკაცივით უძრავად მდგომ (მდგარ) „მრჩეველ“ თევზაძეს წარბიც არ შეტოკებია, გულმა რეჩხი პირველად მაშინ მიყო. ერთი პირობა გულუბრყვილოდ ვიფიქრე, როგორც კი შენობაში შევა, განცხადებას დაწერს-მეთქი წასვლაზე, მაგრამ... შენც არ მომიკვდე...

 

დამეთანხმებით, ორი დიდი პოლიტიკური დატვირთვის მქონე შემთხვევის მიმართ (მეტჯერ მისი „დუხი“ არავის უნახავს), ორი იდენტური, პრონაცური დამოკიდებულების გამოხატვა უკვე კანონზომიერებაზე მიუთითებს.  

 

P.P.S. წერილის სათაური საბჭოთა პერიოდის ცნობილი ფილმიდან ვისესხე, იმის ხაზგასასმელად, რომ აგენტი აგენტია, „კარგი“ ქვეყნის ინტერესს ემსახურება თუ „ცუდის“.

 

რაც შეეხება წერილის ადრესატს, ის განვრცობადი სახეა. ვამბობ თევზაძეს და ვგულისხმობ ზურაბიშვილს და პოლიტიკური პროცესის ყველა იმ ფიგურანტს, ვინც თავის ქმედებებს „გარეთ“ ათანხმებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner