„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მედიის თავდასხმის მსხვერპლთა კლუბში“, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა იაგო ხვიჩიას პარლამენტში, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავდნენ.
„ბატონო იაგო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მედიის თავდასხმის მსხვერპლთა კლუბში, ასე რომ გიგრძნიათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მანამდე, იაგო ხვიჩიამ განმარტება გააკეთა თავის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მედიის წარმომადგენლებს იდიოტებს უწოდებს. იაგო ხვიჩიას განმარტებით, მისი მიმართვის ობიექტი იყო ხალხი, რომელმაც მითითება არასწორად გასცა. ამასთან, იაგო ხვიჩიამ მედიის წარმომადგენლებს მიმართა: „ვინც გამოდის თქვენი ყურადღების მისაქცევად, რაღაც სიტყვას გეძახით, ამ ადამიანს ასკდებით, ამ ადამიანზე გადაგაქვთ ბოღმა და მადლობას უხდით იმ ხალხს, რომელსაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი შემოაქვს. ნაცვლად იმისა, რომ იპოვოთ გზები, როგორ შეიძლება, ამ ბოროტებას დაუპირისპირდეთ, მადლობა გვითხრათ იმისთვის, რომ მთელ ქვეყანას გავაგებინეთ, რასაც გიპირებენ, გაბრაზებულები ხართ, როგორ გვაკადრაო“.