logo_geo
eng_logo
გრიგოლ ლილუაშვილი: 2022 წელს საქართველოს გარშემო რთულ პროცესებს, უსაფრთხოების გამოწვევებს ერთვოდა დესტრუქციული ძალების ინსპირირებული შიდაპოლიტიკური დაძაბულობა, მისი გამწვავების მცდელობები
- +

19 ოქტომბერი. 2023. 19:59

"2022 წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეროვნული ინტერესების დაცვა უწევდა მეტად კომპლექსურ და არაპროგნოზირებად გარემოში," – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, 2022 წელი განსაკუთრებულად მძიმე იყო რეგიონისა და ქვეყნისთვის.

 

 

„უკრაინაში მიმდინარე ომმა შექმნა ურთულესი ვითარება და რეგიონის არაერთი ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დააყენა. რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულმა სამხედრო ინტერვენციამ პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების დღის წესრიგზე. შექმნილმა ვითარებამ უფრო გამოკვეთა ოკუპაციის პირობებში მყოფი ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და გაზარდა ზეწოლა ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებასა და სტაბილურობაზე. ამავე პერიოდში უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩებოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი. საქართველოს გარშემო მიმდინარე რთულ პროცესებსა და უსაფრთხოების ახალ გამოწვევებს თან ერთვოდა ქვეყანაში დესტრუქციული ძალების მიერ ინსპირირებული შიდაპოლიტიკური დაძაბულობა და მისი გამწვავების მცდელობები. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და სხვა მოვლენების გათვალისწინებით, 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეროვნული ინტერესების დაცვა უწევდა მეტად კომპლექსურ და არაპროგნოზირებად გარემოში.

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა დეპარტამენტი პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონსტროლს ექვემდებარებოდა. შესაბამის უსწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფილ იქნა სახელმწიფო სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირება. ქვეყანაში შენარჩუნებულ იქნა მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველო დაცული იყო ტერორისტული თავდასხმებისაგან, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების უკონტროლო და დამაზიანებელი აქტივობებისაგან, გარე თუ შიდა ძალების ინსპირირებული არეულობებისა და დესტაბილიზაციისგან“, – განაცხადა გრიგოლ ლილაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner