პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" სასამართლო რეფორმებს გეგმავს. აღნიშნული რეფორმები წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი პუნქტია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" გუშინ წარმოადგინა. რეფორმის ფარგლებში განხორციელდება იუსტიციის საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმები.
„გაგრძელდება სასამართლო სისტემის რეფორმა როგორც ინსტიტუციურ დონეზე სასამართლოს დამოუკიდებლობის, ისე ცალკეული მოსამართლის მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად; სასამართლოს რეფორმის მესამე ეტაპის განხორციელების შედეგად, დაიხვეწება მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესი და დისციპლინური წარმოების პროცედურები; საქმეები განაწილდება შემთხვევითობის წესით, ელექტრონული ფორმით. განხორციელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა. მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა. მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოების ტერიტორიული განსჯადობა გავრცელდება მომიჯნავე მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. საერთო სასამართლოების სისტემაში შეიქმნება კომერციული კოლეგიები და პალატები, რომლებიც სპეციალიზებული იქნება ძვირადღირებული კომერციული საქმეების განხილვაზე - რეფომების შედეგად, მკვეთრად გაიზრდება მართლმსაჯულების ხარისხი კომერციულ დავებზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდას და ეკონომიკის წინსვლას", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.