"2022 წელს ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 61 საქმეზე, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 170 პირი, "- ამის შესახებ პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას უწყების ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 2022 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ განხორციელდა მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებები, როგორც ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების სახით, ასევე ანალიტიკური და პრევენციული ღონისძიებების მიმართულებით.
„ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 61 საქმეზე, კერძოდ, დიდი ოდენობით ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, თაღლითობისა და სხვა ფაქტებზე. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 170 პირი. 2022 წელს ანტიკორუფციული სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი კორუფციის პრევენციის სამსახური აქტიურ რეჟიმში განაგრძობდა კორუფციულ დანაშაულებზე საზოგადოებისა და საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ ღონისძიებებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის შედეგად გადამზადებული ექსპერტების ჩართულობით კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულების საკითხებზე თბილისსა და რეგიონებში ჯამში გადამზადდა 200-მდე საჯარო მოხელე“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.