ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს საზღვარზე მდებარე რაფაჰის გამშვები პუნქტი ხვალ გაიხსნება. ამის შესახებ ეგვიპტეს სამთავრობო ტელევიზია Al Qahera News-ი იტყობინება.
რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას ეგვიპტეს მხრიდან ჰუმანიტარული დახმარებით სავსე ასობით სატვირთო მანქანა ელოდება.
გუშინ ეგვიპტე და ისრაელი რაფაჰის გამშვები პუნქტის გავლით ღაზაში დახმარების შეტანაზე შეთანხმდნენ. მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დახმარება ღაზაში შესაძლოა უკვე პარასკევს შევიდეს, თუმცა, მანამდე უნდა მოწესრიგდეს გამშვები პუნქტის მახლობლად არსებული გზის საფარი, რომელიც ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაზიანდა.