logo_geo
eng_logo
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
- +

19 ოქტომბერი. 2023. 21:38

"პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიში მოისმინა, რომელიც სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა წარადგინა," - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, მომხსენებელმა ისაუბრა 2022 წელს საქართველოსა და მის გარშემო განვითარებული უსაფრთხოების პროცესების, ასევე ქვეყნის წინაშე გამოკვეთილი საფრთხეებისა და გამოწვევების საპასუხოდ, სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებებისა და საქმიანობის შესახებ.

 

 

გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან და შესაბამის კომიტეტთან, ასევე ნდობის ჯგუფთან.

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, გასულ წელს რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარებისა და უსაფრთხოების ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს ეროვნული ინტერესების დაცვა კომპლექსურ და არაპროგნოზირებად გარემოში უწევდა. ამასთანავე, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი დამატებით მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას, ზრდიდა ზემოქმედებას ეკონომიკასა და სოციალურ-პოლიტიკურ სტაბილურობაზე.

 

 

2022 წელი განსაკუთრებულად მძიმე იყო რეგიონისა და ქვეყნისათვის, უკრაინაში მიმდინარე ომმა შექმნა ურთულესი ვითარება და რეგიონის არაერთი ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც, საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დააყენა. რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულმა სამხედრო ინტერვენციამ პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების დღის წესრიგზე. შექმნილმა ვითარებამ უფრო გამოკვეთა ოკუპაციის პირობებში მყოფი ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და გაზარდა ზეწოლა ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე და სტაბილურობაზე. ამავე პერიოდში უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩებოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, საქართველოს გარშემო მიმდინარე რთულ პროცესებს და უსაფრთხოების ახალ გამოწვევებს თან ერთოდა ქვეყანაში დესტრუქციული ძალების მიერ ინსპირირებული შიდა პოლიტიკური დაძაბულობა და მისი გამწვავების მცდელობები. შესაბამისად, სამსახურმა ამ ვითარებაში მაქსიმალური ძალისხმევა გაწია, რათა ქვეყანას თავიდან აეცილებინა არაპროგნოზირებადი ეროვნული ინტერესებისა და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პროცესები.

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა დეპარტამენტი პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარებოდა. შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფილ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების შეუფერხებელი ფუნქციონირება, ქვეყანაში შენარჩუნებულ იქნა მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველო დაცული იყო ტერორისტული თავდასხმებისაგან, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების უკონტროლო და დამაზიანებელი აქტივობებისაგან, გარე თუ შიდა ძალების მიერ ინსპირირებული არეულობისა და დესტაბილიზაციისაგან“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა და აღნიშნა, რომ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობდა საერთაშორისო პარტნიორებთან და შესაბამის უწყებებთან.

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანგარიშში ყურადღება გაამახვილა სამსახურის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და კონტრდაზვერვით საქმიანობაზე, ტერორიზმის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, საერთაშორისო თანამშრომლობასა და უწყებათაშორის კოორდინაციაზე. მისივე თქმით, 2022 წელს სამსახურის საქმიანობის უმთავრეს მიმართულებას ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალება და გამოწვევებთან გამკლავება წარმოადგენდა.

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, საკითხის განხილვის შემდეგი ეტაპები დახურულ ფორმატში წარიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner