"ვის ბრალდებებს იმეორებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი? „კოლექტიური ნაცმოძრაობის“, რომლის პერიოდშიც არ მახსენდება რაიმე აღიარებული წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით, "- ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„პირიქით, ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევები იყო და სტრასბურგის სასამართლომ ეს დაადასტურა. მედიას რაც შეეხება, აქ, თქვენს ტელევიზიაში იყო რეიდი და ჟურნალისტები ისხდნენ ციხეში თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო. ტერორში იყო ბიზნესი, ხალხი ღამით დადიოდა პროკურატურაში და საკუთარი მშობლების დატოვებულ და თავის შექმნილ ბიზნესებს ჩუქნიდა სახელმწიფოს. ასობით პოლიტიკოსი იჯდა ციხეში, იყო წამება და ადამიანების დამცირება და აბსოლუტური მონოპოლია ძალაუფლებაზე. ზუსტად ეს არის ანტიევროპული საქმე.
ჩვენი მმართველობის პირობებში საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა. საქართველოს შსს გახდა ევროპოლის თანაბარი პარტნიორი. ანუ, ევროპოლმა თქვა, რომ საქართველოს ჰყავს ევროპული პოლიცია. იუსტიციის სამინისტრო გახდა „ევროჯასთის“ თანაბარი პარტნიორი - ანუ, ევროპის იუსტიციის უწყებამ თქვა, რომ საქართველოს აქვს ევროპული იუსტიციის სისტემა. პრეზიდენტმა შეიცვალა პოზიცია, უარგუმენტოდ და უსამართლოდ, და ეს კრიტიკა არის აბსოლუტურად სუბიექტური. ეს ხდება ერთადერთი მიზეზით - ჩვენმა ხელისუფლებამ ხალხის მხარდაჭერით გაატარა რეფორმები, რომელმაც დღეს რეალური გახადა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი - კანდიდატის სტატუსი, რასაც შემდეგ პერსპექტივაში მოჰყვება მოლაპარაკებების გახსნა და გაწევრიანება ევროკავშირში“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.