"იმპიჩმენტის მერე, პრეზიდენტს უკიდურესად დაბალი პოლიტიკური ლეგიტიმაცია აქვს დარჩენილი. კიდევ უფრო მძიმე ამბავია, როდესაც საკონტიტუციო სასამართლომ ის ცნო კონსტიტუციის დარღვევა," - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, თუ სალომე ზურაბიშვილი გააგრძელებს მსგავსი ტიპის ვიზიტებს, რა პოზიცია ექნება „ქართულ ოცნებას“, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თეორიულად, ეს ახალ იმპიჩმენტს გამოიწვევს.
„იმპიჩმენტი არის პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი. შემდეგში, იგივე ტიპის დარღვევაზე რამდენად იმპიჩმენტს გამოვიყენებთ, ეს არის განსჯის საგანი. ამ წუთას ჩვენი მთავარი საზრუნავია არის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ჩვენ ჩავატაროთ დემოკრატიული, სუფთა, გამჭვირვალე არჩევნები. ამას ხელს ვერავინ შეუშლის.
დღეს მოვისმინეთ უსინდისო სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ ემუქრება პრეზიდენტს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობითო - ეს ხომ ხალხის მოტყუებაა. თუ შენ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებ, ამას რა პასუხისმგებლობა მოჰყვება ეს კანონში წერია. პრეზიდენტის დამცველამ რადიკალებმა კარგად უნდა იცოდნენ რა ხდება კონსტიტუციის ახალ დარღვევაში და თუ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს, ესეც გაწერილია კანონში“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.