აშშ აპირებს, უკრაინისთვის განკუთვნილი ათობით ათასი 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვი ისრაელს გაუგზავნოს. ამის შესახებ Axios-ს ამ საკითხზე წვდომის მქონე სამმა ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
გამოცემის ცნობით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დაასკვნეს, რომ ეს გადაწყვეტილება გავლენას არ იქონიებს უკრაინის შესაძლებლობებზე, ებრძოლოს რუსეთს.
აღსანიშნავია, რომ „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელმა მკვეთრად გაზარდა საარტილერიო ჭურვების გამოყენების მასშტაბები, როგორც ღაზის ასევე ლიბანის მიმართულებით.
2023 წლის დასაწყისიდან აშშ-მა დაიწყო 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების ამოღება ისრაელში არსებული საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მარაგიდან, რათა ისინი უკრაინაში გაეგზავნა. მაშინ ისრაელელმა სამხედროებმა პრემიერ იაირ ლაპიდსა და თავდაცვის მინისტრ ბენი განცს განუცხადეს, რომ უახლოეს მომავალში ეს ჭურვები ისრაელს სასწრაფოდ არ დასჭირდებოდა. თუმცა, როგორც Axios-თან საუბარში ისრაელელი ოფიციალური პირები ამბობენ, ეს მოცემულობა 7 ოქტომბერს შეიცვალა.
Axios-თან საუბარში ამერიკელი სამხედრო ოფიციალური პირი ამბობს, რომ არ შეუძლია დეტალურად საუბარი იმაზე, თუ რა შეიარაღება იგზავნება ისრაელში.