"ის, რაც თქვენთვის ცნობილი გახდა საჯარო მასალებით, გავრცელებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ფონზე, სიახლეა ის, რომ საგამოძებო გეგმის მიხედვით, გამოკითხვაზე ხდება ტრენინგთან შემხებლობაში მყოფი პირების დაბარება, თუმცა აბოსლუტური უმრავლესობა ირჩევს სასამართლოს წინაშე დაკითხვას და იკითხებიან სასამართლოს ფარგლებში, რა თქმა უნდა, ყველანაირი უფლებების დაცვით, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.
როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, შესაძლო დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში დაკითხულმა პირებმა ვერ შეძლეს ვიდეო და აუდიო ჩანაწერებში ტექსტების ავთენტურობის ეჭვქვეშ დაყენება.
„მინდა, სიახლე გითხრათ ის, რომ ვერავინ შეძლო ამ ტექსტების ავთენტურობის ეჭვქვეშ დაყენება, ვინაიდან მიუხედავად ამ მცირე ნაწილისა, რვა წუთიანი მასალისა, მთლიანი მასალა 8-9 საათიანი, რომლის ჩვენება ფიზიკურად შეუძლებელია, ასევე არაა მიზანშეწონილი ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. გამოკითხულ ადამინათა უმრავლესობა შემოიფარგლება პასუხებით – „არ მახსოვს“, „არ გამიგია“ და ა.შ. ეს უფრო საეჭვოს ხდის დამოკიდებულებას, რასაც ისინი საჯაროდ, ტელეკამერებისა და საჯარო სივრცეში აჟღერებენ“,- განაცხადა ლილუაშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, სურს, თუ არა სუს-სს, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მწერლები და ხელოვანები ქვეყანაში გადატრიალებას აპირებდნენ, ლილუაშვილმა განაცხადა, რომ ამას გამოძიება დაადგენს.
„მე არაფერს ვამტკიცებ, ამას დაამტკიცებს გამოძიება. თუ დაამტკიცებს მათი ბრალეულობის შესახებ, შესაძლოა, იმსჯელოს სასამართლომ. რევოლუციონერებს არ აქვთ პროფესია, მათ აქვთ მოტივაცია, ფიზიკური შესაძლებლობები და ა.შ. მწერალიც შეიძლება, თუმცა ისიც გასარკვევია, ვინ რას წერს, ვინ მწერალია და ვინ პოეტი, ვერ გაიგებ. რევოლუციონერი გინახავთ რომ რამე პროფესიას ამთავრებდეს?!
კარგად შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს მოხდა პირველი ბრიფინგი სახელმწიფო სამსახურის უსაფრთხოების მხრიდან, სადაც ჩვენ მოსახლეობას მივაწოდეთ ინფორმაცია შესაძლო სცენარის შესახებ სადაც სცენარის ერთ ნაწილში მოიაზრებოდა ზუსტად ამ ორგანიზაციების მიერ ახალგაზრდა ჯგუფების დატრენინგება. რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ერთი კვირის თავზე 25-ში ეს რეალობაში, სისრულეში მოიყვანეს ზუსტად იმავე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირებმა. რეჟისორი სავანელი თუ არაა მზად მოაწყოს რევოლუცია მორალურად და ფიზიკურად, იმის დადასტურება მაინც შეუძლია, რა საუბრები იყო და რა კურსით ატრენინგებდნენ ჩამოსული სტუმრები ჩვენს ახალგაზრდა აქტივისტებს. რა მნიშვნლეობა აქვს რეჟისორი იქნება თუ მსახიობი. ხვალ შეიძლება დაატრენინგონ, ღმერთმა ნუ ქნას, ინჟინრები, ზეგ ექიმები და ამ პროფესიების მიხედვით რატომ მიჯნავთ ადამიანებს?
ჯერ ერთი, „კანვასის“ წარმომადგნელება საჯაროდ განაცხადეს, ვიდრე მოხდებოდა აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნება, რომ ისინი მოწვეულები იყვნენ USAID-ის მიერ დაფინანსებული ტრენინგის ფარგლებში. მეორე, ეს გადაიტანეს ჩვენებაში და სანამ ჩვენებას მისცემდნენ, მანამდე გამოვიდა ქალბატონი USAID-ის პროგრამის ხელმძღვანელი და სიამაყით განაცხადა, რომ ამაყობს „კანვასთან“ თანამშრომლობით. რაც განაცხადეს და რაც ჩვენებაში თქვეს, ჩვენ გავიმეორეთ ის. არანაირი დაპირისპირებული მიდგომა, როგორ წარმოჩინებასაც ცდილობს მედია, თუ კონკრეტული ჯგუფი, რომ ჩვენ ვემტერებით და დაპისრისპირებაში ვიმყოფებით ამერიკის მთავრობასთან, მით უმეტეს მათ მიერ დაფინანსებულ პროექტებს. USAID-თან ერთად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიცაა, მაგრამ ილიას უნივერსიტეტი გამოვიდა რამდენიმე წუთში განცხადებით, რომ ისინი არანაირ თანამშრომლობაში არ იმყოფებიან ამასთან. USAID-ის ხელმძღვანელი პირი გამოვიდა და დაადასტურა სიამაყით, რომ ჩვენი პროექტი იყოო. მეორე საკითხია, რამდენად ცნობილი იყო მათთვის ტრენინგის გაცხადებული მიზანი და რეალურად, რაში ატრენიგებდნენ ხალხს. მინდა, იმედი დავიტოვო, რომ აქ იყო წყვეტა და გაცხადებული მიზანი ტრენინგის იყო სხვა და რეალურად ხალხს ასწავლიდნენ გამოცდილებას, როგორ მოაწყონ რევოლუცია“,- განაცხადა ლილუაშვილმა.