ავტორი გიორგი მამაცაშვილი
ძვირფასო მკითხველო.
მთელი კვირაა, თვალყურს ვადევნებ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ვერაფერს ვერ ვწერდი.
მე კოვიდს ვებრძოდი და ეს ჩემი ცოდვით სავსეები - ქართულ სახელმწიფოს.
ახლა მოკლედ გეტყვით და მთავარს.
ორბანის ვიზიტზე ვერაფერი დავწერე.
არადა, მართლაც მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო.
ერთ-ერთი ფეისბუქ-ავტორის კომენტარიც ვნახე, - ორბანი მაშინ იქნება კარგი, როცა მისსავე ქვეყანაში გახიზნულ ახალაიას და უდესიანს საქართველოს გადმოსცემსო.
მიუხედავად იმისა, რომ ეს კომენტარი სრულებითაც არ აკნინებს სტუმრის ვიზიტს, და რომელიც ჩემი თქმის გარეშეც მნიშვნელოვანიც იყო და სასარგებლოც, მაინც მგონია, რომ ეგ დღეც არაა შორს.
ჰო, "ჰიტლერისთვის" კაბინეტი გაუხსნიათ და მე ვერაფერი დავწერე.
უფრო სწორედ, საზოგადოებრივი მისაღები.
ნახმარი ფეხსაცმელებითურთ.
ერთი ეგაა - "ევა ბრაუნის" ფოტო არ კიდია კედელზე.
სავარაუდოდ, რამდენიმე "ევა ბრაუნი" ჰყავდა "ფიურერს" და ვერ გადაწყვიტეს, უპირატესობა რომლისთვის მიენიჭებინათ.
ვკარნახობ: დოქტორი დოტის ფოტო ჩამოკიდეთ სრულყოფილებისთვის.
ნახმარის მნიშვნელობას აღარ განვავრცობ.
არადა, ფოტოებზე ბოტასები ახალივით გამოიყურება.
და როგორც ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი წერდა, - "ქაშმირის პალტო აკლია მემორიალურ მუზეუმს"...
არესტოვიჩის ფანები დუმან.
"ზელენსკი არაადექვატურია და კორუმპირებულიაო", - თქვა არესტოვიჩმა და ნაცებმა ვერ გაიგეს, ზელენსკი უფრო მეტი მიშისტია თუ ზელენსკის ყოფილი ხელისბიჭი და ვერდიქტს ელოდებიან.
ვერდიქტს, სავარაუდოდ, მანიაკი გასცემს საზოგადოებრივი მისაღებიდან.
ჰო, მისაღებზე გამახსენდა.
სააკაშვილისა და ბოკერიას ჩერგოლეიშვილმა ისეთი თქვა, გიგი უგულავას ადგილას ქვის სროლას მაინც დაიწყებდა კაცი.
"მიშას მისაღებში რომ დავსვათ და შეყვარებული ხალხის სახელით ემთხვიოს ხოლმე მიშას ბოტასებს? ეგებ დაორსულდეს."
ჰო, გიგი უგულავაზე თქვა.
შეიძლება, დიდი ვერაფერი ტექსტია, მაგრამ ისტორიისთვის აუცილებლად შესანახია.
ერთ დროს ყოფილი მეგობრებისა და თანაპარტიელების დეგრადაციის საოცარი ნიმუშია.
სალომე ზურაბიშვილმა - არ გადავდგებიო.
"ოცნებამ" ახლა გადაწყვიტოს, ძველი სალომე ერჩივნათ თუ ახალიო.
არადა, ძველიც ასეთივე იყო.
დაუღვინებელი. უმარილო.
თუმცა, ფაქტია:
ირაკლი კობახიძემ და "პატარა ბიჭებმა" საკონსტიტუციო სასამართლოშიც მოუგეს და დიდი ანგარიშითაც მოუგეს ბიუჯეტის ქურდის უგულავას და სააკაშვილის ნაპროკურორალი გვარამიას შემწყალებელს.
ნაცები ზეიმობენ - პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურა ჩავარდაო.
არადა, მსოფლიომ გაიგო, რომ საქართველოს ჰყავს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა ერთ წელში ეწურება და ეს ვადაც ნაცების პრეზიდენტად დარჩენას უნდა შეალიოს, როგორც ვატყობთ.
მსოფლიომ გაიგო, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის აზრის გამომხატველია და როგორც "ბაში-აჩუკშია" - "ახლა გინდ შეიტანეთ და გინდ გამოიტანეთ ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანი".
ისე, რობაქიძის, ვაზაგაშვილის, გამცემლიძის და სხვა წამებულთა და წამებით გარდაცვლილთა ოჯახთა წევრებს რომ ეტყვი - აქ რას მომივარდითო, - მაშინაა შენი საქმე დამთავრებული, საქართველოს პრეზიდენტი რომ გქვია.
და არავითარი "მაშასადამე"!
გახარიას წითლიძემ, ვინმე ანა ბუჩუკურმა ბრძანა - გარდაცვლილებზე და კობახიძეზე ცუდის თქმა არ შეიძლებაო...
ამიტომ, მეც გავჩუმდები.
გახარიაზე და გახარიას "ანიწითლიძეზე", ანუ ვინმე ბუჩუკურზე არაფერს ვიტყვი.
ვინმე ნაცვლიშვილზე იმდენი დაიწერა დღესაც და ბოლო დროსაც, ვერც მასზე და ვერც მის კორუმპირებულ და, როგორც ამბობენ, ქუთაისის ავტოქარხნის დამქცევ მამაზე ახალს ვერაფერს ვიტყვი.
ისევ ბონდო მძინარაშვილს მოვიშველიებ.
"ანა ნაცვლიშვილი პოლიტიკის მიღმაც პერსპექტიულია, თუკი აღდგება მოთქმით მოტირალი ქალების დაქირავების ტრადიცია."
საოცარი შეფასებაა.
ისე, ხალხის გამყვლეფი ხაზარაძის ვასალისგან სხვას რას ველით, საინტერესოა...
"ტვპირველის" "ზეპროფესიონალური" გუნდი ანერვიულებულა, - კახი კალაძე დასასანქცირებელთა სიაშიაო და მიუხტნენ თბილისის მერს ტუტუცური ბოდვებით.
კალაძემ დაამშვიდა, - მაგაზე მე არ ვნერვიულობ და თქვენ რა განაღვლებთო...
პროდიუსერმა ვერაფერი უკარნახა "ჟურნალისტს" და სხვა კითხვები აღარ დაუსვამს.
არმაზ ახვლედიანს ახლა წაუკითხავს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და როგორც თავად განაცხადა პარლამენტის ტრიბუნიდან, - ატირებულა.
კრწანისის ომზე, დიდგორზე, თევდორე ბერზე და გიორგი სააკაძის შვილზე, პაატაზე არაფერი უთხრათ.
ცოდოა.
თქვენ კიდევ არ მკითხოთ, - არმაზ ახვლედიანი ვინააო?!...
რაც მთავარია, ზურაბგირჩის მოგვარე სოფო რამდენიმე ნაციონალთან ერთად ჭორვილაში ჩასულა.
"ჭორვილა უნდა გავხადოთ ევროპული ქალაქი!" - განუცხადებია და ვერ მოასწრო.
კვერცხების სროლით გამოაპანღურეს ჭორვილელებმა.
არადა, ჭორვილა ჯერ კიდევ მაშინ იყო ევროპული, და სხვათაშორის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, როცა ჯერ კიდევ ჟვანიასა და შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირში ვანო მერაბიშვილი, არმაზ ახვლედიანი, ზურაბ ადეიშვილი და სხვები სკამებს დაათრევდნენ ოთახიდან ოთახში.
ირაკლი ღარიბაშვილმა, უკვე მერამდენედ, კეზერაშვილის ნაძირლობა შეახსენა "პოლიტიკური მოძრაობა ფორმულას" აქტივისტს, რომელსაც ჟურნალისტის მანტია ჰქონდა მოსხმული...
შუშის თვალები ესხა ვარლამ არავიძესაც "მონანიებაში".
ახლა გრიგოლ ლილუაშვილს ვუსმინე. უფრო სწორედ, მის კომპეტენტურ, პრაგმატულ, ლაკონურ, პირდაპირ და ზომიერ პასუხებს.
თუმცა, სიმართლის თქმას ვერც უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი "გაექცა" და თუ ჩავაკვირდებით მის დიალოგს ე.წ. ჟურნალისტთან "ტვპირველიდან", უმალ მიხვდებით ჩემს სათქმელს.
არადა, დღევანდელ რეალობაში, ამ მასშტაბის მსოფლიო გამოწვევების ფონზე, პირდაპირ ეთერში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსს ოთხ "კითხვაში" იმას უმტკიცებდე, "ყურზე გაზის" თუ არა პროდიუსერი, რბილად რომ ვთქვათ, არაპროფესიონალიზმია!
მართლაც, რა გენიალურად თქვა გალაკტიონმა თავის დროზე - "ეს არ არის საქართველო!"
და თუ პერიფრაზს მოვიშველიებ, არც ესაა ჟურნალისტიკა!
თუმცა, ამაზე სხვა დროს.
დიახ, ლილუაშვილის მოსმენისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, ვახტანგ გომელაურის, ირაკლი კობახიძის, კახი კალაძის, გრიგოლ ლილუაშვილის, თეა წულუკიანის, რატი ბრეგაძისა და "ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგია, რომ ბუჩა და მარიუპოლი არ განმეორებულა ჩვენთან!