ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი დეპუტატ არმაზ ახვლედიანის პარლამენტში გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
გუშინ, სანამ არმაზ ახვლედიანი იღლიაში „პაპკას“ ამოიჩრიდა და პარლამენტში სალომე ბაბოს მხარდასაჭერად წავიდოდა, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების ერთი მცირე მონაკვეთი წაიკითხა, მეტი ვერ მოასწრო და... როგორც თვითონ ამბობს, ეს მონაკვეთიც კი საკმარისი აღმოჩნდა, სამშობლოს უბედობაზე ჩაფიქრებულიყო. ეგ კი არა, თვალთაგან მლაშე ცრემლებიც კი წამოსცვივდა!
*****
მეგობრებო, მე ის კი არ გამიკვირდა, არმაზ ახვლედიანმა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მცირე მონაკვეთი მოწიფულობის ასაკში რომ წაიკითხა (შეეძლო, საერთოდ არც წაეკითხა, ისედაც ბევრი იცის), მე ის უფრო მაინტერესებს, რა საერთო ნახა მან სალომე ბაბოსა და გრიგოლ ხანძთელს შორის... აი, რატომ უნდა გაგიჩნდეს სურვილი, სანამ სალომე ბაბოს მხარდასაჭერად წახვალ, ხანძთელის ბიოგრაფიის თუნდაც მცირე მონაკვეთს გადახედო?
*****
არ ვხუმრობ, მართლა მაინტერესებს... რა, მადამ პღეზიდანი კლარჯეთში მოღვაწეობდა, რომელიმე ტაძარი ააშენა, აშოტ კურაპალატის დაქალი იყო თუ საბაწმინდის ტიპიკონი გადაწერა?
არა, შეიძლება სალომე ბაბომაც ხანძთელივით 102 წელიწადი იცოცხლოს, მის გადატკეცილ ლოყებს რომ ვუყურებ, ალბათ ეგრეც იქნება, მაგრამ ეგ არ არის საკმარისი, მის დანახვაზე ხანძთელი გაგახსენდეს.
*****
აი, ვცდილობ, როგორმე ვიპოვო ერთი მსგავსება მაინც სალომე ბაბოსა და ხანძთელს შორის, თითქოს ვიპოვე კიდევაც, მაგრამ არ ვიცი, რამდენად დამაჯერებელია... ვინაიდან, ხანძთელი განმარტოებით ცხოვრობდა, მას „დაყუდებულს“ ეძახდნენ, გუშინდელის მერე ჩვენ შეგვიძლია, მადამ პღეზიდანს „აყუდებული“ ან „მიყუდებული“ ვუწოდოთ!
*****
სხვათა შორის, მე იმაზეც ვფიქრობ, ამას რა ეშველება, ამ სამშობლოზე გულატკიებულ ყაზილარს, როდისმე ტვინის ხვეულები დაულაგდება?
არა მგონია, მაგრამ იმედი მაინც შემოვიტოვოთ“, - წერს გელა ზედელაშვილი.