logo_geo
eng_logo
გრიგოლ ლილუაშვილი: უცხო ქვეყნების სამსახურების დაინტერესების სფეროს წარმოადგენდა პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები, მოსახლეობის განწყობა, საუბარია არამარტო მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცსამსახურზე
- +

20 ოქტომბერი. 2023. 10:29

 

 

„გასული წლის განმავლობაში უცხო ქვეყნების სამსახურების დაინტერესების სფეროს წარმოადგენდა პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები, მოსახლეობის განწყობები, საუბარია არა მარტო, თუნდაც ძალიან მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცსამსახურზე“, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

 

როგორც პარლამენტში ლილუაშვილმა აღნიშნა, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ მიმართული მცდელობები სუს-ისთვის გასულ წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, მთავარ გამოწვევად რჩებოდა.

 

„2022 წელს შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, კონტრდაზვერვითი საქმიანობა ძირითადად მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირებისა და მისი შედეგების განეიტრალებისკენ. მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, გაზრდილი საფრთხეებისა და რისკების გათვალისწინებით, მაქსიმალურ კონტროლზე იყო აყვანილი უსაფრთხოების ყველა მიმართულება, გააქტიურებული იქნა კოორდინირებული მუშაობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან. სამსახური 24-საათიან რეჟიმში აწვდიდა ინფორმაციას გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესების შესახებ, რომლებიც რაიმე ფორმით საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას. საანგარიშო წლის განმავლობაში, ქვეყანაში შენარჩუნებული იქნა უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემო, რადგან უსაფრთხოების საკითხზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება იყო დროული და ემყარებოდა ფაქტობრივ გარემოებებს, რაციონალურ პოლიტიკას“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

 

გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, გასული წლის განმავლობაში კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნების სამსახურების დაინტერესების ძირითად სფეროებს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები, საქართველოს მონაწილეობით მიმდინარე თუ დაგეგმილი საერთაშორისო და რეგიონული პროექტები, ასევე სოციალური საკითხები და მოსახლეობის განწყობები, მათ შორის უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში.

 

„საუბარია არა მარტო ერთი ქვეყნის, თუნდაც ძალიან მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცსამსახურზე. ამასთან, ცალკეული სახელმწიფოების სპეცსამსახურების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ინფორმაციის მოპოვება ჩვენი სამართალდამცავი და ძალოვანი უწყებების საქმიანობაზე, თავდაცვის სფეროში და სახელმწიფო საზღვარზე არსებული ვითარების შესწავლაზე. უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სპეცსამსახურების საფარქვეშ მოქმედი პირების, პირთა ჯგუფებისა და ორგანიზაციების გამოსავლენად აქტიურად მიმდინარეობდა ოპერატიულად საყურადღებო სუბიექტების საქმიანობის შესწავლა, მონიტორინგი და კონტროლი. შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს იდეოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის მოპოვებით დაინტერესებული გარე ძალების საკუთარი მიზნების რეალიზებისთვის იყენებდნენ მათდამი ფინანსური და სხვა დაინტერესების გამო ლოიალურად განწყობილი საქართველოს მოქალაქეების შესაძლებლობებს, ასევე, საქართველოში სხვადასხვა სტატუსით მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

 

ამასთან, სუს-ის ხელმძღვანელმა პარლამენტში განაცხადა, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვისა და საზოგადოების პოლარიზების მიზნით, 2022 წელს ადგილი ჰქონდა უკიდურესად ნეგატიური, პროვოკაციული ქმედებების დაგეგმვისა და რეალიზების მცდელობებს.

 

„საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვისა და საზოგადოების პოლარიზების მიზნით, 2022 წელს კვლავ აქტიურად გამოიყენებოდა დესტრუქციულად განწყობილ აქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პროდასავლური კურსის მოწინააღმდეგე პოლიტიკური კურსის სუბიექტები და ცალკეული ჯგუფები. ამასთან, ადგილი ჰქონდა უკიდურესად ნეგატიური, პროვოკაციული ქმედებების დაგეგმვისა და რეალიზების მცდელობებს, როგორც უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეშე. რიგ შემთხვევებში აღნიშნული ემსახურებოდა საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დაზიანებას კონკრეტულ სახელმწიფოებთან და დესტრუქციული დღის წესრიგის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანას. აღნიშნული საფრთხეებისა და კანონსაწინააღმდეგო აქტივობების საპასუხოდ, საანგარიშო წელს, სუს-მა გაატარა ეფექტიანი, კომპლექსური, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები და მოახდინა არაერთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედების პრევენცია და აღკვეთა. 2022 წელს მოპოვებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე სამსახურის შესაბამისი დანაყოფების მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე. კონტრდაზვერვითი მიმართულებით 17, უსაფრთხოების დეპარტამენტის მიმართულებით სამ საქმეზე“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner