ისრაელ-ჰამასის ომის გაშუქებისას დაღუპული ჟურნალისტების რიცხვი კვლავ იზრდება.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ცნობით, მინიმუმ 21 ჟურნალისტი დაიღუპა კონფლიქტის შედეგად ხუთშაბათის მდგომარეობით, კიდევ რვა დაშავდა და სამი დაკარგულად ითვლება.
ამავე ინფორმაციით, დაღუპულთაგან ჩვიდმეტი პალესტინელი იყო, სამი ისრაელელი და ერთი ლიბანელი.
„CPJ ასევე იძიებს დაუდასტურებელ ცნობებს სხვა ჟურნალისტების დაღუპვის, გაუჩინარების, დაკავების, დაშავების, მედიის ოფისებისა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ“, - განაცხადა პრესის თავისუფლების ჯგუფმა.
მათი თქმით, ყველა მხარემ უნდა მიიღოს ზომები მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.