ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ვაშინგტონში ჰადსონის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას პალესტინა-ისრაელის კონფლიქტს გამოეხმაურა და თქვა რომ „დიალოგი ისრაელსა და მის მეზობლებს შორის უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
„ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტის რეგიონული გავრცელების რისკი რეალურია“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.