logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“: გაღრმავდება თანამშრომლობა საერთაშორისო საპოლიციო სტრუქტურებთან
- +

9 სექტემბერი. 2016. 15:00


 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო პროგრამის ფარგლებში საუბრობს შინაგან საქმეთა სამინისტროში განსახორციელებელ მთელ რიგ რეფორმებზე, რაც გულისხმობს ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის სისტემის ჩამოყალიბებას. ასევე თანამშრომლობის გაღრმავებას საერთაშორისო საპოლიციო სტრუქტურებთან.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საპოლიციო საქმიანობის მაქსიმალური ეფექტიანობისთვის, დაინერგება ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის სისტემა, რაც უზრუნველყოფს ღია და დახურული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, საფრთხეების იდენტიფიცირებას და მათზე დროულ რეაგირებას;

 

პოლიციის საიმედოობისა და სანდოობის გაზრდისთვის უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების ჩართვა უსაფრთხოებასა და მართლწესრიგთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და გადაწყვეტაში, აგრეთვე გაძლიერდება არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამეცნიერო წრეებთან, მედიასთან და ბიზნესსექტორთან მუდმივი კომუნიკაციის მექანიზმები;

 

განხორციელდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა, რომელიც ქვეითთა, მგზავრებისა და მძღოლების უსაფრთხოების ამაღლებას მოემსახურება და გზებზე სიკვდილიანობას შეამცირებს;

 

დაგეგმილ ვადებში დასრულდება საზღვრის მართვის სისტემის რეფორმა, რაც უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის მოდერნიზაციას, სტანდარტიზაციასა და უნიფიკაციას; დასრულდება საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს ქმედით კოორდინაციას და სწრაფ რეაგირებას; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არალეგალურ მიგრაციას და მასთან დაკავშირებული რისკების მართვას, ამ კუთხით სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებას და სხვა უწყებებთან კოორდინაციის ამაღლებას;

 

გაღრმავდება თანამშრომლობა საერთაშორისო საპოლიციო სტრუქტურებთან, განსაკუთრებით კი ევროპოლთან; პოლიციის სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ჩამოყალიბდება ადამიანური რესურსების მართვის ქმედითი სისტემა, რათა კარიერული წინსვლა დაეფუძნოს ობიექტურ კრიტერიუმებს, დამსახურებასა და კვალიფიკაციას; მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდება შსს აკადემიაში: დაინერგება ახალი პროგრამები, განახლდება ტექნოლოგიები, აკადემიის ბაზაზე შეიქმნება პოლიციის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი; პოლიციის საზოგადოებასთან დაახლოების კუთხით გაგრძელდება პოლიციის რეფორმირება იმგვარად, რომ სისტემა მაქსიმალურად მოემსახუროს საზოგადოებასთან თანამშრომლობის მიზანს.

 

უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამოუკიდებელი და ქმედითი საქმიანობა და მისი რესურსების შემდგომი გაძლიერება.

 

გარანტირებული იქნება სახალხო დამცველის დამოუკიდებლობა, მისი აქტიური თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან და სხვა საჯარო სტრუქტურებთან", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner