logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებისას მთავრობა მოქმედებდა კონსტიტუციის შესაბამისად
- +

20 ოქტომბერი. 2023. 13:44

 

 

საკანონმდებლო ორგანოში ჩემი ბოლო გამოსვლის შემდეგ, ის გეოპოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა და მათ შორის საქართველო იმყოფება, სამწუხაროდ, არა თუ შემსუბუქდა, არამედ კიდევ უფრო გართულდა და კომპლექსური გახდა. ომი უკრაინაში, კონფლიქტის გამწვავება სამეზობლოში, მოვლენები ახლო აღმოსავლეთში ურთულესი გამოწვევების წინაშე აყენებს ჩვენს ქვეყანას და საქართველოს სწორედ ამ გარემოში უწევს ყველა იმ საგარეო პოლიტიკური მიზნისა თუ ამოცანის განხორციელება, რაც ქვეყანას აქვს დასახული და რისი პირობაც ჩვენ საქართველოს მოსახლეობას მივეცით“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებისას მთავრობა მოქმედებდა კონსტიტუციის შესაბამისად.

 

მართალია, ჩემი დღევანდელი გამოსვლა კონკრეტულ საკითხს, კერძოდ, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებს ეხება, მაგრამ, ეს ურთიერთობები არსებული გეოპოლიტიკური სივრცის ერთიან რგოლში უნდა დავინახოთ და სწორედ ამ თვალსაზრისით მსურს, წარმოგიდგინოთ ჩვენი პოზიცია და ხედვა.

 

დასაწყისში, მინდა გამოვეხმაურო დასმულ კითხვას: „რატომ არ გახდა საჭირო საქართველოს პარლამენტთან შეთანხმება აღნიშნულ საკითხზე და რატომ იზღუდება უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს კონსტიტუციური ჩანაწერი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ?“

 

მოგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებისას მთავრობა მოქმედებდა კონსტიტუციის შესაბამისად, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში (54-და 55-მუხლები).

 

ერთობლივი განცხადება მიღებულია საქართველოს სწორედ კონსტიტუციის თანახმად მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მისი პარლამენტთან წინასწარი შეთანხმების იურიდიული ვალდებულება არ გამომდინარეობს არც კონსტიტუციიდან და არც რომელიმე სხვა ნორმატიული აქტიდან. კონსტიტუცია თავად განსაზღვრავს მთავრობის პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულების ფორმებს, რაც არ მოიცავს მსგავსი ტიპის განცხადებების წინასწარი შეთანხმების ვალდებულებას.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ერთობლივ განცხადებაში განსაზღვრული 4 მიმართულება - პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობები და საერთაშორისო განზომილება - სრულ თანხვედრაშია პარლამენტის მიერ 2020 წლის დეკემბერში დამტკიცებულ „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ,“ რეზოლუციასთან, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოს ხელისუფლება ხელს შეუწყობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, საგარეო-ეკონომიკურ, სავაჭრო და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner