„მაუწყებლობის შესახებ კანონზე“ ვეტოს დადება იქნებოდა ევროკავშირის დირექტივაზე ვეტოს დადება, რაც წარმოუდგენელი მოვლენა იქნებოდა ევროკავშირის რეალობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„აბსოლუტურად მარტივ საკითხზეა საუბარი. სამწუხაროა, რომ რამდენიმე დღე მანიპულაცია მიდიოდა „მაუწყებლობის შესახებ კანონის“ თემასთან დაკავშირებით. შინაარსობრივად არაფერი იცვლება. რომ იყო საუბარი - სიძულვილის ენა, ტერორიზმი, უხამსობა, ეს ყველაფერი მანამდეც ეწერა კანონში. არაფერი იცვლება. ერთადერთი, რაც იცვლება და ევროკავშირის პირდაპირი მოთხოვნაა, რომ თვითრეგულაციის სისტემა არ შეესაბამება ევროკავშირის დირექტივას. ამის შესახებ ჩვენ გვქონდა კონსულტაცია, თუ როგორი უნდა იყოს ეს სისტემა. რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ ევროკავშირს და ვეუბნებოდით, რომ არანაირი შინაარსობრივი ინტერესი არ გაქვს, არის რამდენიმე ვარიანტი, მთავარია გვითხარით, რომელი ვარიანტი დააკმაყოფილებს დირექტივას. ევროკავშირმა რაც გვითხრა ზუსტად ის ვარიანტი მივიღეთ. სწორედ ეს არის ევროკავშირის დირექტივის მოთხოვნა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ამ კონკრეტულ საკითხებზე, ტერორიზმისკენ მოწოდებას, ბავშვთა უფლებებს, რომელიც ისედაც ამ ცვლილებამდეც იყო კომუნიკაციების კომისიის განხილვის ქვეშ. ვეტოსკენ მოწოდებას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ამაზე საუბრის დროს მოიკითხოს ყველამ ევროკავშირის მოსაზრება. არ მგონია გონივრული იყოს ევროკავშირზე ვეტოს დადება. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადება იქნებოდა ევროკავშირის დირექტივაზე ვეტოს დადება, რაც წარმოუდგენელი მოვლენა იქნებოდა ევროკავშირის რეალობაში“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.