“ჩვენ იმედით ვუყურებთ აშშ-ის ახალ ელჩს და მის მოღვაწეობას, რომელიც მან საქართველოში დაიწყო. იმედი მაქვს ის გაერკვევა საკითხებში. ვფიქრობ, კარგი ნაბიჯი იქნებოდა, თუკი აშშ იმ სავიზო შეზღუდვებს, რომელიც საქართველოს 4 მოქალაქეზე აქვს დაწესებული, მოხსნიდა”, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოთარ ფარცხალაძისა და მოსამართლეების საქმეებზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს 4 მოქალაქეზე, რომლებიც მოსამართლეები არიან, სავიზო შეზღუდვის მოხსნა „ეს იქნებოდა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების განხორციელების ერთ-ერთი კარგი ნიშანი“.
„7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვა დაწესდა, ერთი თვე - რაც ოთარ ფარცხალაძის მიმართ მოხდა გარკვეული სანქციების დაწესება, არცერთ შემთხვევაში არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. ვფიქრობ, ამ მხრივ კითხვები და მტკიცებულებები უკვე აღარ არსებობს. ერთადერთი კითხვა დარჩა, რა იყო მოტივაცია ამ გადაწყვეტილების მიღების. ამ საკითხზე სპეკულირება არ მინდა.
ჩვენ იმედით ვუყურებთ აშშ-ის ახალ ელჩს და მის მოღვაწეობას, რომელიც მან საქართველოში დაიწყო. იმედი მაქვს, რომ ის გაერკვევა ამ საკითხებში. ვფიქრობ, კარგი ნაბიჯი იქნებოდა, თუკი აშშ იმ სავიზო შეზღუდვებს, რომელიც საქართველოს 4 მოქალაქეზე აქვს დაწესებული, მოხსნიდა. გამომდინარე იქიდან, რომ 7 თვე გავიდა. ფაქტია, არც თავად აშშ-ს აქვს პასუხი, თუ რა მტკიცებულებებია ამასთან დაკავშირებით, არც ჩვენს მოქალაქეებს ამაზე პასუხი არ მიუღიათ. ეს იქნებოდა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების განხორციელების ერთ-ერთი კარგი ნიშანი. ამიტომ მე ამ იმედით ვუყურებ ამ პროცესს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.
ასევე, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს 2023 წლის სექტემბერში სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 პირზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე.