თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის და სენატის წევრის ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, აკადემიური საბჭოს და სენატის წევრები თსუ-ს რექტორს ლადო პაპავას აშანტაჟებენ და ემუქრებიან.
„აშანტაჟებენ რექტორს და გადაყენებით ემუქრებიან. ბატონი რექტორი რბილი პოზიციის მქონე ადამიანია. სენატისა და აკადემიური საბჭოს წევრებს, რომლებიც გაფრინდაშვილს უჭერენ მხარს, სურთ, რომ გაიყვანონ გაფრინდაშვილი და ჰყავდეთ თავისი რექტორიც. ამბობენ, რომ ეს უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ირაკლი ბურდულის მიერ მირონცხებული კადრი. თუ ვინ არის, ამაზე ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ კანცელარად გიორგი გაფრინდაშვილი დაინიშნოს და ჩატარდეს რექტორის ვადამდელი არჩევნები", - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.
მისივე ინფორმაციით, სენატში 42 ადამიანია, აქედან 14 სტუდენტია, 14 სტუდენტიდან კი 12 წარმოადგენს ყოფილ „ერთიან სტუდენტთა მოძრაობას" და ამჟამად სტუდენტურ თვითმმართველობას. ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, სენატის წევრების 1/3 იზიარებს აქციის მონაწილე სტუდენტების პოზიციას და ეწინააღმდეგება გაფრინდაშვილის კანდიდატურას.