„გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ჩვენი „ევროპელი“ ოპოზიცია ვერ ან არ ხედავს თავად ევროპაში მიმდინარე პროცესებს, თუ როგორ ცდილობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.
ჩიბურდანიძის თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს ხელს არ უშლის სტატუსის მოცემაში და ევროკავშირის წევრობაში.
„გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ჩვენი „ევროპელი“ ოპოზიცია ვერ ან არ ხედავს თავად ევროპაში მიმდინარე პროცესებს, თუ როგორ ცდილობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას. იმას, რასაც ევროპული სახელმწიფოები დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ აღწევენ ჩინეთთან, საქართველომ უკვე მიაღწია და ოპოზიცია ამას აპროტესტებს.
ბუნებრივია, ვხვდებით, რომ მათ ინტერესებში არ შედის საქართველოს ეკონომიკური გაძლიერება. თუკი ჩვენი ქვეყანა ძლიერი იქნება, მაშინ აღარ იქნება სხვაზე პოლიტიკურად დამოკიდებული. ეკონომიკური სიძლიერე კი ლუკმა-ლუკმა დაპურებით არ მიიღწევა, რომ არც მოვკვდეთ და არც გავძლიერდეთ. ასე ხდებოდა დღემდე. დღეს სწორედ ის ებრძვის საქართველო - ჩინეთის სტრატეგიულ თანამშრომლობას, ვისაც ჩვენთვის ეკონომიკური და ამასთანავე, პოლიტიკური არტახების აშვება არ სურს.
აღმოსავლეთის ახალმა ლიდერმა სახელმწიფოებმა და უმთავრესად, ჩინეთმა, დააბალანსა მსოფლიო პოლიტიკა. ეს არის 21-ე საუკუნის უკვე დიდი მონაპოვარი და ჩვენ გვაქვს შანსი, რომ იგივე დაბალანსებული პოლიტიკა ვაწარმოოთ საქართველოშიც, რაც არის ოქროს გასაღები ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა მივყვეთ პროცესებს და არ ჩავრჩეთ წარსულში. პროგრესი მხოლოდ ამით მიიღწევა.
დავეთანხმები ხელისუფლებას იმაში, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ხელს არ უშლის სტატუსის მოცემას და ევროკავშირის წევრობას. პირიქით, ჩინეთთან ამის მიღწევა არის ერთ-ერთი გარანტი ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების“, - წერს ჩიბურდანიძე.