„დღეს ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ პლატფორმას შორის. ეს არის საბოლოო ჯამში შედეგი ჩვენი წელიწად-ნახევრიანი ურთიერთობის, რომელიც განსაკუთრებით ინტენსიური გახდა ევროკავშირში წევრობის განაცხადის შეტანის შემდეგ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს - საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტმა ეროვნულ პლატფორმასთან ერთად რამდენიმე კონფერენცია გამართა.
„მინდა მადლობა გადავუხადო პლატფორმის ხელმძღვანელობას, განსაკუთრებით ქალბატონ ნინო ჩხობაძეს, იმისთვის, რომ მან შეძლო პლატფორმის ყველა წევრთან ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა. ეროვნული პლატფორმა 200-ზე მეტ სხვადასხვა პროფესიული თუ მიმართულების ორგანიზაციას აერთიანებს, რომელიც რა თქმა უნდა, გაამდიდრებს საპარლამენტო მსჯელობას. ჩვენ ვაპირებთ, რომ ის ფორმატები, რომელიც იყო გამოცდილი აუცილებლად გავაგრძელოთ - კონფერენციები, შეხვედრები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მაგრამ გარდა ამისა, მემორანდუმის საფუძველზე დავამატოთ ახალი ფორმატები. მათ შორის მემორანდუმით გათვალისწინებულია, რომ პლატფორმა დაასახელებს საპარლამენტო მდივანს, რომელსაც ექნება განსაკუთრებით მჭიდრო კავშირი პარლამენტთან. პარლამენტი გაუზიარებს ყველა საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც დაინიცირდება პარლამენტში და ჩვენ მოველით, რომ პლატფორმის შესაბამისი წევრი ორგანიზაციებისგან გვექნება პროფესიული მოსაზრებები, რომელსაც პარლამენტი მიიღებს. განსაკუთრებით ახლა იწყება ის საკითხები, რომელიც ეხება ასოცირების შეთანხმების შესრულებას, სადაც ძალიან ბევრი, რთული, ტექნიკური, სოციალურად მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც საჭიროა ღრმა პროფესიული ცოდნა, იმისთვის რომ ევროკავშირის სხვადასხვა დირექტივის იმპლემენტაცია მოხდეს საქართველოში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.