„ჩვენ ჩვენი ინტერესი გვაქვს - ეს ინტერესი „შუა დერეფანსა“ და ანაკლიის პორტზე გადის“, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც განხილვის მთავარი თემა ჩინეთთან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაა.
სამხარაძის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირსა და ჩინეთს, ასევე აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში უწყვეტი ზრდა. როგორც სამხარაძემ აღნიშნა, „ნიანგის ცრემლების ღვრა იმაზე, რომ საქართველომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებით ევროპულ კურსს გადაუხვია, აზრსა და ლოგიკას მოკლებულია“.
„ბევრი გამომსვლელი საუბრობდა, რომ ჩინეთის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, ჩინეთთან კარგი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გვინდა და ამავე დროს ამბობდნენ, რომ ჩინეთი არის მონსტრი და ურჩხული. ასეთი რიტორიკით, რომ ერთი მხრივ, ჩინეთს თავს ესხმოდე, მას ათასს უბედურებას სწამებდე და აბრალებდე და მეორე მხრივ, ეპატიჟებოდე: მოდი, ჩემთან ინვესტიციები ჩადე და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები განავითარე, რომელ დიპლომატიაში ჯდება?! ან როგორ არიან იმის მომხრე, რომ ერთი მხრივ ჩინეთთან მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იყოს, ხოლო მეორეს მხრივ, ჩინეთს ლანძღავენ“, - განაცხადა სამხარაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან.