„ეს არის პირდაპირ მოწოდება ომში ჩართვის“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ალექსეი დანილოვის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „თუ საქართველო და მოლდოვა დაიწყებდნენ თავიანთი ტერიტორიების რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებას, ამ საკითხს უფრო მალე მოვაგვარებდით, თუმცა ეს მათი მთავრობების გადასაწყვეტია“
როგორც რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, დანილოვის განცხადება მიუღებელია მათთვის და ქვეყნის მომავლისთვის.
„ეს არის პირდაპირ მოწოდება ომში ჩართვის, რაც მიუღებელია ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით და ჭრილში. ამ განცხადებებს რადიკალური ოპოზიცია, როგორც წესი აღმერთებს ხოლმე, ადიდებს და ეთაყვანება. ახლაც საინტერესო იქნება, გამოვიდნენ და ან გაემიჯნონ, თუ არა საზოგადოება მათ შეაფასებს, როგორც ომის პარტიის ყველაზე რადიკალ წევრებს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა: ჯერ კიდევ შარშან ვამბობდი, რომ თუ საქართველო და მოლდოვა დაიწყებდნენ თავიანთი ტერიტორიების რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებას, ამ საკითხს უფრო მალე მოვაგვარებდით, თუმცა ეს მათი მთავრობების გადასაწყვეტია.