"როდესაც სახალხო დამცველის ანგარიშს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების შესახებ არ ესწრება ოპოზიცია, ნიშნავს, რომ მას არ აქვს კითხვები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, მის წევრებს არ აქვთ წაკითხული სახალხო დამცველის ანგარიში და გაურბიან დებატებში მონაწილეობას," - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
რატი იონათამიშვილის თქმით, ოპოზიციის წევრები ერთმანეთისადმი უნდობლობას იჩენენ.
„როცა ოპოზიცია სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვაში არ მონაწილეობს, ეს უკვე არის დიაგნოზი. დიაგნოზი ამ ადამიანების უვიცობის, უპასუხისმგებლობის, უნიათობის და უპატივცემლო დამოკიდებულების, პირველ რიგში საკუთარი ამომრჩევლის მიმართ. ასეთი საქციელი გაუმარტივებს ჩვენს საზოგადოებას სწორი დასკვნების გამოტანას. ეს ადამიანები ერთმანეთს არ ენდობიან არც დარბაზში, არც დარბაზს მიღმა და ამომრჩეველი, რომელიც სადმე კიდევ შემორჩათ, ნამდვილად არ იმსახურებს ასეთ გაქცეულ და დამალულ ადამიანებს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.