"საქართველო-თურქეთს შორის, ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებში, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა," - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეთანხმებას ხელი ორი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებმა ზურაბ აზარაშვილმა და ფაჰრეთთინ ქოჯამ მოაწერეს.
„დოკუმენტის მიხედვით, საქართველო და თურქეთი, აქტიურად ითანამშრომლებენ პირველადი ჯანდაცვის, საოჯახო მედიცინის სისტემის განვითარების, გადამდები და არაგადამდები დაავადებების პრევენციის კუთხით. ასევე - დიაგნოსტიკისა და მართვის გაუმჯობესების, გლობალური ჯანდაცვის საფრთხეების მიმართულებით.
ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმება, ასევე, ითვალისწინებს ჰოსპიტლების მენეჯმენტის სისტემების შემუშავებისა და დანერგვის პრაქტიკის კუთხით თანამშრომლობას. ამასთან, მხარეები, ჯანდაცვის ხარისხის, აკრედიტაციის მექანიზმების დანერგვისა და კონტროლის მიმართულებით იმუშავებენ. მემორანდუმით გათვალისწინებულია სტრატეგიული თანამშრომლობა, სამედიცინო ინდუსტრიის სფეროში.
საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის მინისტრებმა დოკუმენტს ხელი თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესზე მოაწერეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.