დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუდმივად ისმის მოწოდებები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, თუმცა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს მშვიდობის შენარჩუნებისთვის. ამის შესახებ მან მედიასთან უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებაზე კომენტირებისას ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძლიერი ეკონომიკითა და განვითარებული საქართველოთი მოხდება.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვისმენთ მოწოდებებს მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. თუმცა, ჩვენ გვაქვს გაჟღერებული ჩვენი ხედვა და პოლიტიკა. დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ქვეყანაში მშვიდობა, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ძლიერი ეკონომიკითა და განვითარებული საქართველოთი მოვახდინოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. უნდა მოვახერხოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად თანაცხოვრება. დარწმუნებული ვარ, იმ პოლიტიკით და გადადგმული ნაბიჯებით, რასაც დღეს ჩვენი ხელისუფლება აკეთებს, მომავალში ამას მივაღწევთ", - განაცხადა თბილისის მერმა.