logo_geo
eng_logo
ზურაბ აზარაშვილი სამედიცინო მსოფლიო კონგრესის ფარგლებში თურქეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთისა და მაკედონიის ჯანდაცვის მინისტრებს შეხვდა
- +

20 ოქტომბერი. 2023. 22:28

"საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, სტამბოლში, სამედიცინო მსოფლიო კონგრესის ფარგლებში, თურქეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთისა და მაკედონიის ჯანდაცვის მინისტრებს შეხვდა. ზურაბ აზარაშვილმა, კოლეგებს, საქართველოში, მიმდინარე რეფორმები გააცნო," - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

მათივე ცნობით, ორმხრივ შეხვედრებზე ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თითოეული მოქალაქისთვის, ხარისხიან სამედიცინო სერვისებსა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

 

 

სწორედ ამ მიზნით, ქვეყანაში, 2022 წლის ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელი ამოქმედდა. შედეგად კი, 1 წლის განმავლობაში, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა, მნიშვნელოვნად, 27%-დან 10%-მდე შემცირდა. ზურაბ აზარაშვილმა, კოლეგებთან, ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმებიც განიხილა, მათ შორის - თურქეთის ბაზრის გახსნა და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება.

 

 

ორმხრივ შეხვედრებზე, ჯანდაცვის მინისტრმა, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის, საზღვარგარეთ მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაზეც ისაუბრა, რომელიც ყველა ბენეფიციარს, მომსახურებას, მსოფლიოს წამყვან 3 სხვადასხვა კლინიკაში უფინანსებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ეს იქნება გარდამავალი ეტაპი საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის მქონე, ბავშვთა სახელმწიფო ონკოლოგიური ცენტრის შექმნამდე, რომელზეც უწყება უკვე აქტიურად მუშაობს.

 

 

შეხვედრებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

თურქეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთისა და მაკედონიის ჯანდაცვის მინისტრებთან შეხვედრამდე, ზურაბ აზარაშვილი თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner