logo_geo
eng_logo
გიორგი ჩაკვეტაძე: კვარაცხელიასთან თამაში მსიამოვნებს - ნაკრებში ყოფნა ყოველ ჯერზე მაბედნიერებს
- +

21 ოქტომბერი. 2023. 00:59

 

 

საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, გიორგი ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" ოფიციალურ ვებ-გვერდთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და ბევრი თემის შესახებ ისაუბრა.

 

"ჩვენ ვითამაშეთ ორი მართლაც კარგი მატჩი და ეს იყო დიდი გამარჯვებები: 8:0 ტაილანდთან და 4:0 კვიპროსთან. სასიამოვნო იყო, რომ გუნდს დავეხმარე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფერში ჩემი წვლილი შევიტანე.

 

ჩვენთვის მთავარია, რომ მარტში ერთა ლიგაზე წარმატებულად ვითამაშოთ. ნახევარფინალში ვართ და თუ გავიმარჯვებთ, ფინალში გავდივართ. ეს გვაძლევს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შანსს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ იმ მატჩებისთვის მოვემზადოთ.

 

საქართველოში თამაში სასიამოვნოა და ყოველთვის კარგია იქ ყოფნა. შენი ეროვნება შენთვის ყველაფერია და მე ყოველთვის მიხარია იქ ყოფნა. ნაკრებში თამაში ყოველ ჯერზე მახარებს.

 

ხვიჩა კვარაცხელია ძალიან კარგი მოთამაშეა. ყოველთვის მსიამოვნებს მასთან თამაში. ვფიქრობ, რომ ის საუკეთესოა ერთი-ერთზე თამაშში და ამასთანავე, ძალიან კარგი ადამიანია.

 

საქართველოში ძალიან უყვართ ფეხბურთი. ყველა ყოველთვის უყურებს ჩვენს მატჩებს: ჩემს შეხვედრებს "უოტფორდში" და კვარას - "ნაპოლიში".

 

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ინგლისში ვარ. ნამდვილად, ჩემი ოცნება იყო აქ ყოფნა. ყველაფერი ძალიან მომწონს: პერსონალი, მოთამაშეები.

 

რა თქმა უნდა, ბავშვობაში ყოველთვის ვუყურებდი ინგლისურ ფეხბურთს. პრემიერ ლიგასა და კრიშტიანუ რონალდუს. ის ჩემი კერპი იყო.

 

მე მჯერა ამ გუნდის და ვფიქრობ, რომ ჩვენ გვყავს კარგი მოთამაშეები და პერსონალი. თუ შაბათს მოვიგებთ "შეფილდ ვედნსდეისთან", მაშინ ყველაფერი უკეთესად წავა. გვჭირდება მატჩების მოგება და დარწმუნებული ვარ, რომ ამას შევძლებთ, რადგან ხარისხიანი ფეხბურთელები გვყავს. დასანანია, რომ მოსაგები მატჩები ვერ მოვიგეთ.

 

ასევე, ძალიან მსიამოვნებს "ვიქერეიჯ როუდზე" თამაში, ყველა ჯერზე, გულშემატკივრები მხურვალედ გვამხნევებენ და მათი მადლიერი ვარ", - თქვა 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა.

 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ, ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დროს 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, მიმდინარე სეზონში ინგლისური გუნდის შემადგენლობაში 9 მატჩში ითამაშა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner