ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ თანამდებობა დატოვა. განცხადება კალაძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„მე დღეიდან აღარ ვარ თქვენი მინისტრი, ჩვენ ვიქნებით ერთად, მთავარი ეს არის და ერთად მივაღწევთ გამარჯვებას. დღევანდელი დღე მაგონებს იმ დღეს, როცა პირველად მოვედი სამინისტროში და ყველა ასე შეკრებილი დამხვდა. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს. ბევრი პროექტი განვახორციელეთ და მეამაყება თითოეული მათგანი. ჩემს ცხოვრებაში ბევრი სახლი გამოვიცვალე, ენერგეტიკის სამინისტრო ჩემი სახლია", - აღნიშნა კალაძემ.
მას მინისტრის თანამდებობის დატოვება არჩევნებში მონაწილეობის გამო მოუწია.
კალაძე მმართველი გუნდის პარტიული სიის მე-2 ნომერი იქნება, კანონმდებლობის მიხედვით კი, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ გარკვეული პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია.