პარტია „მრეწველების" ლიდერი ზურაბ ტყემალაძე არ გამორიცხავს, რომ ცესკო-ს სასამართლოში უჩივლოს.
„ჯერ გამცენ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან პასუხი და შემდეგ ყველაფერს ფარდა აეხდება. ბლოკი „თოფაძე მრეწველები, ჩვენი სამშობლოს" რეგისტრაციიდან მოხსნით ვიღაც არის დაინტერესებული. ისეთი ინფორმაცია მოვისმინე, ვინ ურეკავს და რატომ კითხულობენ ჩვენი პარტიის შესახებ მოხსნა-არმოხსნას, ჯერ გამცენ პასუხი და ყველაფერს ფარდა აეხდება", - განაცხადა ტყემალაძემ.
ტყემალაძის თქმით, კომპიუტერული ხარვეზი იყო სიის ამბეჭდვის დროს.
„კომპიუტერული ხარვეზი იყო სიის ამობეჭდვის დროს, რომელიც უნდა შეგვეცვალა და შევცვალეთ კიდეც. თავის დროზე მივიტანეთ და ჩავაბარეთ. ჩაბარების პროცესი გუშინ 17:24 საათზე დაიწყო და 18:12 საათზე დასრულდა, რასაც თვლიან ხარვეზად. ჩვენ გვაქვს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ჩავაბარეთ. დღეს განცხადება ჩავაბარე, რომ თამარ ჟვანიამ მოკვლევა ჩაატაროს და გაგვცეს პასუხი. ეს არის თავმჯდომარის პრეროგატივა. თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ჩვენ წავალთ სასამართლოში. არ მინდა, რომ დღევანდელი საარჩევნო კომისია დაემსგავსოს 2000-იანი წლების კომისიას", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.