logo_geo
eng_logo
„აირზენა” („ჯორჯიან ეარვეისი“) 30 წლისაა!
- +

21 ოქტომბერი. 2023. 18:53

 

 

„ჩვენი კომპანია დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად შენდებოდა და ვითარდებოდა, ჩემთვის დღევანდელი დღე, გამორჩეულად ემოციური დღეა“, - ასე მიმართა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა კომპანიის დაბადების დღეზე შეკრებილ სტუმრებს. კომპანია, რომელმაც ქართულ ბაზარზე ოპერირება „აირზენას“ სახელით დაიწყო, 30 წლის გახდა.

 

კომპანია 1993 წელს ოფიციალურად დარეგისტრირდა და ფრენების განხორციელების უფლება მიიღო. „აირზენამ“ ფრენები ორი „ილ 18“ ტიპის თვითმფრინავის ლიზინგითა და სამგზავრო-სატვირთო ფრენების განხორციელებით დაიწყო, 1995 წელს კი, ავიაკომპანიამ კიდევ ორი თვითმფრინავი „ტუ-154“ და „ილ-62“ ჩამოიყვანა, რითაც ფრენების გეოგრაფია გააფართოვა და საქმიანობას ახალი მასშტაბები შესძინა. მალევე „აირზენამ“ სამთავრობო ფრენების შესრულება და სახელმწიფოს მეთაურთა ვიზიტების მომსახურება დაიწყო ევროპის, აზიისა თუ ამერიკის კონტინენტებზე. 1998 წელს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თამაზ გაიაშვილთან ერთად ვაშინგტონში „ბოინგის“ ვიცე პრეზიდენტს შეხვდა და მას ქართული ნაციონალური გადამზიდველისთვის „ბოინგის“ ტიპის თვითმფრინავების ლიზინგით აყვანასა და მათი შემდგომი ექსპლოატაციისათვის აუცილებელი პირობების შექმნაში დახმარება სთხოვა. 2000 წელს „ბოინგის“ ტიპის  ორი თვითმფრინავი უკვე თბილისში იყო. ოცდასამი წელიწადია, რაც ქართული ავიაკომპანია „ბოინგის“ ტიპის თვითმფრინავებს ექსპლოატაციას უწევს. მიმდინარე წელს კომპანიამ ახალი ტიპის ფართო ფიუზელაჟიანი თვითმფრინავი „ბოინგი-767“ აითვისა, რითაც, ძირითადად, სატვირთო გადაზიდვებს ეწევა.

 

„ჯორჯიან ეარვეისის“ დაბადების 30 წლის იუბილეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, უცხოელი პარტნიორები, მათ შორის, კომპანია ”ბოინგის” წარმომადგენლები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და ავიაკომპანიის თანამშრომლები ესწრებოდნენ. საზოგადოებას სიტყვით კომპანიის დამფუძნებელმა მიმართა, რის შემდეგაც, ავიკომპანიის შესახებ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმიც აჩვენეს. გაიაშვილმა როგორც ქვეყნის, ისე ავიაკომპანიის მიერ განვლილი მძიმე ეტაპებიც გაიხსენა და აფხაზეთისა და ცხინვალში საქართველო-რუსეთის ომებიც ახსენა, სადაც „აირზენას“ როლი განუზომლად დიდი იყო: „ომის ვითარებაში უცხო ავიაკომპანიები ფრენებს წყვეტდნენ და მთელი სიმძიმე ჩვენზე გადმოდიოდა. ომებისა და პანდემიის პირობებში მიღებული ზიანი კომპანიას დღემდე მოჰყვება. გარდა ამისა, უზარმაზარი დრო და ენერგია იხარჯება შინაური თუ გარეშე მტრების მოგერიებაში, რათა სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ეს ლამაზი დარგი ქვეყანას გადავურჩინოთ“, - აღნიშნა გაიაშვილმა.

 

ღონისძიებას პირადად ვერ დაესწრო, თუმცა, მოსალოცი სიტყვა გამოაგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიასა და მის დამფუძნებელს საქართველოს სამსახურში დგომისთვის მადლობა გადაუხადა: „კომპანია სახელმწიფოს მუდამ გვერდით ედგა ყველაზე დრამატულ პერიოდებში. 90-იან წლებში აფხაზეთის ომის დროს,  ბატონი თამაზი პირადად ასრულებდა ფრენებს და ჯარისკაცებისა და მოქალაქეების გადაყვანას უზრუნველყოფდა. 2008 წლის ომის მიმდინარეობისას, როდესაც უცხოურმა კომპანიებმა ფრენები შეწყვიტეს და საქართველო იზოლაციის საფრთხის წინაშე დადგა, თქვენ არ შეგიჩერებიათ რეისები, მათ შორის უზრუნველყოფდით საერთაშორისო მედიის წარმომადგენელთა ჩამოყვანას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. გლობალური პანდემიის პირობებში, ურთულეს დროს უზრუნველყავით მრავალი ჩვენი თანამემამულის მშვიდობიანი და უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში“, - ნათქვამი იყო ღარიბაშვილის მისალოც სიტყვაში. პრემიერმა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ შეტანილი წვლილი გამოყო და აღნიშნა, რომ კომპანიას ბიუჯეტში 100 000 000 ლარზე მეტი აქვს შეტანილი. პრემიერმა პროფესიონალიზმისთვის, საქმისადმი თავდადებისა და პატრიოტიზმისთვის მადლობა გადაუხადა პილოტებს, ტექნიკოსებს, ბორტ-გამცილებლებს, კომპანიის ყველა თანამშრომელს, პირველ რიგში კი, მან მადლობა გადაუხადა კომპანიის დამფუძნებელს თამაზ გაიაშვილს დარგის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის. 

 

როგორც „ჯორჯიან ეარვეისში“ აცხადებენ, 2024 წლიდან კომპანიას დაგეგმილი აქვს გაფართოვება და ახალი რეისების ათვისება, თუმცა, ამ ეტაპზე ამ ზოგადი განცხადებით შემოიფარგლნენ, კონკრეტიკა კი, კომერციულ საიდუმლოდ დატოვეს.

  

საღამოს ემოციურ მუხტს სძენდა ანსამბლ ”შვიდკაცას” მიერ შესრულებული ულამაზესი სიმღერები და ”სუხიშვილების” ცეცხლოვანი ცეკვები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner