Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის ჯარებმა დაარბიეს „ჰამასის“ მაღალი რანგის ლიდერის სახლი დასავლეთ სანაპიროზე.
მედიის ცნობით, თავდასხმისას დააკავეს მისი ოჯახის წევრები.
ამავე ინფორმაციით, სალეჰ ალ-არური არის ჰამასის გენერალური ლიდერის ისმაილ ჰანიეს მოადგილე და ისლამისტური ტერორისტული ჯგუფის სამხედრო ფრთის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
ლიბანში დაფუძნებული ალ-არური არის ისრაელის მთავარი სამიზნე 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ.
კიდევ ათობით ადამიანი გადაიყვანეს დაკითხვაზე.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.