გამოცემა Eurasianet ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას, საქართველოში მისი მმართველობის პერიოდს და პოლიტიკურ გეგმებს აფასებს.
Eurasianet წერს, რომ ოდესაში პოსტის დაკავებისთანავე ნათელი გახდა, თუ რამდენად გაუჭირდებოდა სააკაშვილს კორუფციის ალაგმვა. საქართველოს საჯარო სამსახურში კორუფციის შემცირების თვალსაზრისით, მისი მკაცრი რიტორიკა და ავტორიტარული სტილი, როგორც წესი, ამართლებდა, თუმცა, საქართველოში სააკაშვილის მეთოდებს მსხვერპლად შეეწირა სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, რადგანაც დროდადრო ილახებოდა სამართლიანი სასამართლოს გარანტიები და პრინციპები.
„სააკაშვილის პრობლემა იმაშია, რომ მას კარგად იცნობენ ორივე ქვეყანაში და ის არც საქართველოში, არც უკრაინაში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს.
თუკი მიშას ადარდებს, რა მოუტანს მის პოლიტიკურ მემკვიდრეობას სარგებელს, ასევე რა იქნება ყველაზე სასიკეთო როგორც ქართველი, ისე უკრაინელი ხალხისთვის, ის უნდა შეეშვას ორი კურდღლის დევნას და სხვა გზა აირჩიოს", - აღნიშნავს გამოცემა.
არის ასეთი უკრაინული ანდაზა: „ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერსო". ეს ლაკონური გამოთქმა პოლიტიკის შემთხვევაშიც ამართლებს, განსაკუთრებით დღეს და, კერძოდ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, რომელიც შემდგომში მოგვევლინა, როგორც ოდესის ოლქის გუბერნატორი.
ათ წელიწადზე მეტია, რაც სააკაშვილი არის ევრაზიის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული და სკანდალური პოლიტიკური ფიგურა, ლიდერი, რომელიც აქა-იქ ავტორიტარულ ზომებსაც არ ერიდებოდა დემოკრატიული მიზნების მისაღწევად.
მართალია, მისი მოღვაწეობა პრეზიდენტის რანგში ოფიციალურად დასრულდა 2013 წელს, როდესაც ამოიწურა მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა, სინამდვილეში ეს მოხდა ერთი წლით ადრე, როცა მისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში და „ქართული ოცნების" კოალიციამ მოიპოვა უმრავლესობა პარლამენტში. პოსტის დატოვებიდან მალევე სააკაშვილმა საქართველოც დატოვა. 2014 წელს კი მას წაუყენეს ბრალდება პრეზიდენტობის ორივე ვადის განმავლობაში ძალაუფლების გადამეტებასთან დაკავშირებულ დანაშაულებში.
იმ პერიოდში ის პოლიტიკურ ცხედარს უფრო წააგავდა, მაგრამ უკრაინაში დატრიალებულმა მოვლენებმა მეორე სუნთქვა გაუხსნა სააკაშვილს. 2015 წლის მაისში უკრაინის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ის ოდესის გუბერნატორად დანიშნა, რითაც მთელი მსოფლიო საგონებელში ჩააგდო.
ოდესაში პოსტის დაკავებისთანავე ნათელი გახდა, თუ რამდენად გაუჭირდებოდა სააკაშვილს კორუფციის ალაგმვა, რამაც დაარწმუნა ის, რომ მრავალწახნაგოვან, რთულ და, დიახაც, კორუმპირებულ ოდესაში მისთვის, როგორც გადამთიელი მებრძოლი მისიონერისთვის, ბევრად უფრო რთული იქნებოდა ამ როლის შესრულება, ვიდრე სამშობლოში. საქართველოს საჯარო სამსახურში კორუფციის შემცირების თვალსაზრისით, მისი მკაცრი რიტორიკა და ავტორიტარული სტილი, როგორც წესი, ამართლებდა, განსაკუთრებით საგზაო პოლიციის შემთხვევაში. თუმცა, საქართველოში სააკაშვილის მეთოდებს მსხვერპლად შეეწირა სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, რადგანაც დროდადრო ილახებოდა სამართლიანი სასამართლოს გარანტიები და პრინციპები.
დღესდღეობით სააკაშვილი დარწმუნდა, რომ საქართველოში გამოყენებულ ტაქტიკას სასურველი შედეგი არ მოაქვს. ის, რომ მისი ოდესღაც ქმედითი შარმი აღარ ამართლებს, მარტივად აიხსნება უკრაინის, განსაკუთრებით კი ოდესის, უფრო საგრძნობი არაერთგვაროვნებითა და სირთულით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო კორუფციის აღმოფხვრა უკრაინაში, შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაშიც კი.
უფრო რთული ასახსნელი და, ამავე დროს, ხაზგასასმელია სააკაშვილის ამბიციები როგორც უკრაინაში, სადაც მან სულ ახლახან მიიღო მოქალაქეობა, და საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ამომრჩევლებმა უარყვეს მისი პოლიტიკური ხედვა, ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ აანალიზებს მისი ადმინისტრაციის კეთილი და ბოროტი ასპექტების რაობას.
ოქტომბერში საქართველოში დანიშნულია საპარლამენტო არჩევნები. უკრაინაშიც, დიდი ალბათობით, მომდევნო წელს ჩატარდება არჩევნები.
სწორედ ეს არის ის ორი კურდღელი, რომელთა დაჭერასაც ცდილობს სააკაშვილი.
სააკაშვილის (იგივე მიშა, როგორც მას უწოდებენ საქართველოსა და უკრაინაში) პრობლემა იმაშია, რომ მას კარგად იცნობენ ორივე ქვეყანაში და ის არც საქართველოში, არც უკრაინაში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. უკრაინაში მიშამ დიდი აურზაური გამოიწვია, თუმცა კი რაიმე მნიშვნელოვან შედეგს ოდესაში ვერ მიაღწია. გარდა ამისა, პოსტის დაკავებიდან სულ რამდენიმე თვის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ მას ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მიზნისკენ ეჭირა თვალი: მას სურდა თავისი დედობილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრობა. მიშას, როგორც უკრაინის ახალგამოჩეკილი მოქალაქის, ამ შთამბეჭდავმა ამბიციამ გამოიწვია კონფლიქტი მას და უკრაინის ბევრ ავტორიტეტულ პოლიტიკურ ლიდერს შორის. ნაწილობრივ, ამ კონფლიქტს ამძაფრებდა მიშას ანტიკორუფციული მოშურნეობა, ხოლო მისი ზოგჯერ ზედმეტად აგრესიული გამოწვევები და დაუსაბუთებელი ბრალდებები აღიქმებოდა, როგორც თვითრეკლამა, რაც ზოგიერთ მნიშვნელოვან ადამიანს საკმაოდ აღიზიანებდა.
სექტემბრის დასაწყისში სააკაშვილი გაეხვა სკანდალში ოდესის ოლქში გოგონას შემზარავ გაუპატიურებასა და მკვლელობასთან დაკავშირებით. დამკვირვებელთა დახასიათებით, ამ მკვლელობამ გამოიწვია ადგილობრივ ბოშათა ნამდვილი დარბევა. ამ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით კომენტარში, რომელიც, მავანთა აზრით, შეურაცხმყოფელი იყო ბოშათა თემისთვის, სააკაშვილმა კიდევ უფრო გაამძაფრა სიტუაცია. როდესაც ზოგიერთმა მედიასაშუალებამ (Foreign Policy-ს ჩათვლით) გააკრიტიკა მისი გამოსვლა ბრბოს მხრიდან ძალადობის დაგმობის ნაკლებობის გამო, სააკაშვილმა შეუტია კრიტიკოსებს და მიკერძოებაში დაადანაშაულა ისინი.
საინტერესოა, რომ უკრაინაში თავისი მიზნების მიღწევის მცდელობების პარალელურად, სააკაშვილმა გააცხადა თავისი ინტერესები საქართველოშიც - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დახმარება, რათა ის (და ჯამში თავად მიშამ) დაბრუნდეს ქვეყნის სათავეში.
ასე რომ, თუკი მიშა შეეცდება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩართვას, დასავლეთზე ორიენტირებული ქართველი ლიბერალებისთვის დიდი ალბათობით შეიქმნება საკმაოდ უხერხული სიტუცია. ოქტომბრის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის" შესაძლო წარმატება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მის უნარზე, დაავიწყოს ამომრჩეველს სააკაშვილის ეპოქის ძალადობა და კანონდარღვევები ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის" წევრებით დაკომპლექტებული პარლამენტის პირობებში. სააკაშვილის შესაძლო დაბრუნება კი მხოლოდ შეახსენებს ამომრჩევლებს ამ კანონდარღვევების შესახებ. მეორე მხრივ, მიშას გარეშე „ნაციონალური მოძრაობის" კარგი შედეგი არჩევნებში ბევრად გაურთულებს მას ესოდენ ხშირად გაცხადებული მიზნის მიღწევაში, რომელიც მდგომარეობს საქართველოში ტრიუმფალურ დაბრუნებაში და ქვეყანაში პოლიტიკურად ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბებაში.
ამასობაში, უკრაინაში შეინიშნება იმის ნიშნები, რომ სააკაშვილის გუბერნატორობას ოდესაში სულ უფრო ნაკლები დივიდენდი მოაქვს. ის, რასაც სააკაშვილი, როგორც გუბერნატორი, სთავაზობს უკრაინას, არ არის აუცილებლად ის, რაც უკრაინას ამ ეტაპზე სჭირდება.
უკრაინა კონცენტრირებულია უამრავ სერიოზულ გამოწვევაზე, რომელთაგან უმთავრესია რუსული აგრესია, რომელიც კიევს დაუჯდა ყირიმში კონტროლის დაკარგვისა და დონბასის რეგიონში დესტაბილიზაციის ფასად. კიდევ ერთი დიდი გამოწვევაა კორუფციის ალაგმვა ისევე, როგორც ისეთი თანამედროვე ეკონომიკის შექმნა, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა უკრაინელს. ამ დილემების გადაჭრის გზების პოვნა საკმაოდ რთულია ნებისმიერი მთავრობისთვის უკრაინაში, მაგრამ სირთულეს კიდევ უფრო ამძაფრებს სააკაშვილის საქმიანობა ოდესაში. მისი ამბიციები და პრაქტიკა (კერძოდ კი, მისი თვისება, მოსკოვის ლაქიობაში დაადანაშაულოს ყველა, ვინც მას ეწინააღმდეგება) არ უზრუნველყოფს მშვიდობისმყოფელ გავლენას, რომელიც ჰაერივით სჭირდება უკრაინულ პოლიტიკას.
ქართველ ამომრჩევლებს ათწლეულზე მეტი დასჭირდათ, რათა ხმამაღლა ეთქვათ, რომ მათ მოყირჭდათ კოლორიტული, დრამატიზმით აღსავსე, აღტაცებული, მაგრამ ხშირად ავტორიტარული სააკაშვილი. ცხადია, რომ უკრაინელ ხალხს და მათ ლიდერებს ბევრად ნაკლები დრო დასჭირდებათ ამისთვის.
თუკი მიშას ადარდებს, რა მოუტანს მის პოლიტიკურ მემკვიდრეობას სარგებელს, ასევე რა იქნება ყველაზე სასიკეთო როგორც ქართველი, ისე უკრაინელი ხალხისთვის, ის უნდა შეეშვას ორი კურდღლის დევნას და სხვა გზა აირჩიოს.
http://www.eurasianet.org/node/80466