ტერორისტული ორგანიზაციის „ჰამასის“ სპიკერი ღაზი ჰამადი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ პირობებს აყენებს.
მისი თქმით, ღაზას სექტორში აგრესია უნდა შეწყდეს და დახმარება უნდა შევიდეს.
„ჩვენ მზად ვართ პოზიტიურად გადავჭრათ მძევლებისა და პატიმრების პრობლემა. ჩვენ მზად ვართ გავათავისუფლოთ ისინი, მაგრამ ამისთვის ხელსაყრელი პირობები უნდა არსებობდეს. ღაზას სექტორში აგრესია უნდა შეწყდეს და დახმარება უნდა შემოვიდეს ღაზაში.
ჩვენ მჭიდრო კონტაქტები გვაქვს კატართან მათ დიდი როლი ითამაშეს წინა დღით ორი მძევლის გათავისუფლებაში.
[სახმელეთო ოპერაციის შემთხვევაში] ღაზა იქცევა სრულ ჯოჯოხეთად, სასაფლაოდ ისრაელისთვის. არ ვიცი, რა ბედი ეწევა მძევლებს, რადგან სიტუაცია უფრო გართულდება. მე არ შემიძლია ამ ადამიანების უსაფრთხოების გარანტიაზე საუბარი“, - აცხადებს ღაზი ჰამადი.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.