logo_geo
eng_logo
ნინო თანდილაშვილი: ჩვენი გეგმაა, საგაზაფხულო სესიაზე საკითხი შევიტანოთ პარლამენტში და რაჭაში განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის ტერიტორია შევქმნათ
- +

21 ოქტომბერი. 2023. 23:24

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რაჭის ეროვნულ პარკთან ერთად, განიხილავს რაჭის ტყეებისა და დასახლებული ადგილებისთვის განსაკუთრებით დაცული სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას, სადაც მართვა სრულად ექნება ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობასთან ერთად, რაზედაც დაწყებულია აქტიური მუშაობა შესაბამისი სამსახურების მხრიდან.

 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულმა შესაძლოა, გამოიწვიოს სამონადირეო ლიცენზიის მოქმედების გადახედვა. საკითხზე დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ისაუბრა.

 

„რაჭის ტყეების და მიმდებარე სოფლების გადაცემას ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ვგეგმავთ. მართვაში ჩართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობაც. დიდი ხანია ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია. საზოგადოებაში არსებობს კითხვა, თუ რა ხდება სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიასთან დაკავშირებით. ეს ლიცენზია დაახლოებით ერთი წლის წინ კონკრეტული პირობებით გაიცა ინვესტორზე. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მაისში დავინახეთ, ლიცენზიანტის მხრიდან სალიცენზიო ვალდებულებები არ სრულდებოდა, სახელმწიფომ, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა კანონმდებლობის შესაბამისად ყველა ზომა გაატარა და დავიწყეთ დაჯარიმების პროცესი, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს.

 

ნუ შეიყვანენ ადგილობრივ მოსახლეობას შეცდომაში. მაისიდან დაწყებულია ამ საკითხზე მუშაობა და ნურავინ შეეცდება, საკუთარ ძალისხმევად გაასაღოს მთელი ეს პროცესი. ჩვენი გეგმაა, რომ საგაზაფხულო სესიაზე, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მოსახლეობასთან შეჯერებული საკითხი შევიტანოთ პარლამენტში და შევქმნათ განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის ტერიტორია“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner