„საქართველოში ჩამოვიდა შეერთებული შტატების ახალი ელჩი და იმედს გამოვთქვამ, რომ ქვეყანაში რევოლუციური სცენარების განვითარების მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„რატომ ვახსენე ელჩი ამ კონტექსტში? 2020 წლის არჩევნებში, როდესაც „სამართლიანმა არჩევნებმა“, რომელიც არჩევნებს აკვირდებოდა აშშ-ის, USAID-ის ფულით, გააყალბა ხმის პარალელური დათვლა. ამის შესახებ ძალიან მალე იცოდა აშშ-ის საელჩომ, USAID-ის ხელმძღვანელობამ და ისინი ამაზე ერთი თვის განმავლობაში არაფერს ამბობდნენ, ეს იყო საქართველოში არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის და შესაბამისად, სახელმწიფო გადატრიალებისთვის, ეს არ მოხდა.
როდესაც ვნახეთ, როგორ გეგმავდნენ „კანვასის“ ტრენინგებზე სისხლიან გადატრიალებას, იყო საუბარი - სისხლიანი რევოლუცია, პოლიციელებზე თავდასხმები, ვნახეთ აშშ-ის საელჩოს მაშინდელი განცხადება, რომ ისინი ამას მხარს უჭერდნენ და დაუჭერენ მომავალში. მათი პროექტი იყო რევოლუციაზე. წესით USAID-ის წარმომადგენელი ასეთ პროექტებს ესწრება, რომც არ დასწრებოდა, ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია. შორს ვარ იმისგან, რომ სუს-მა ეს ინფორმაცია მიიღო და დონორს არ მიაწოდა. ამ შემთხვევაში USAID-სა და აშშ-ის საელჩოს. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რაც ხდებოდა“, - განაცხადა სუბარმა.