„როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთიდან, კრემლიდან იღებს დავალებებს, როგორ წარმოგვიდგენია, ეს ადამიანი წავა და ევროპაში საქართველოზე კარგს ილაპარაკებს?“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.
„სალომე ზურაბიშვილი ცინიკურად, უხეშად და მრავალგზის არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, რაც ბუნებრივია, არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. რეაგირება არის ორი. პირველი არის სამართლებრივი და სამართლებრივად საკონსტიტუციო სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და მის ლეგიტიმაციას ამით, პრაქტიკულად, ძალიან სერიოზულად შეუდგა წყალი. მეორე რეაგირება არის პოლიტიკური, როდესაც პარლამენტში 100 ხმა არის საჭირო იმისთვის, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი განხორციელდეს, ან ვერ განხორციელდეს. პოლიტიკური იმპიჩმენტი რომ ვერ განხორციელდებოდა, ანუ პროცესი რომ ბოლომდე ვერ მივიდოდა, ეს თავიდანვე ვიცოდით იმიტომ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ამბობდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის რუსეთის აგენტი, „ფსბ“-ს რეზიდენტი, პუტინისტი და ბუნებრივია, ახლა აღარ გავიმეორებ იმ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, რასაც მასზე ამბობდნენ, ამ ადამიანებმა დღეს მხარი დაუჭირეს სალომე ზურაბიშვილს. თუმცა მათი ლიდერი (რადიკალური ოპოზიციის ლიდერი), მიხეილ სააკაშვილი ციხის საკნიდან (თუ სადაც არის, იქიდან) წერილებს აგზავნიდა და ამბობდა, რომ ეს არის შეთანხმებული თამაში „ქართულ ოცნებასთან“ და სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ მოიხსენიებდა ძალიან უხეში სიტყვებით, როგორც თავის დროზე, მოღალატეს უწოდებდა.
თუ ამაში დარწმუნებულები იყვნენ, მაშინ რა თქმა უნდა, ხმა უნდა მიეცათ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული მოთამაშის იმპიჩმენტისთვის. რადგან ეს არ გააკეთეს, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ასე უტიფრად, უხეშად და მრავალგზის არღვევდა სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით. მან ზუსტად იცოდა, რომ ისინი ხმას არ მისცემდნენ მის იმპიჩმენტს. ეს პროცესი - საქართველოს კონსტიტუციის ასეთი უხეში დარღვევა მან დაიწყო შარშან, თებერვლის შემდეგ, როდესაც ის პრაქტიკულად, გახდა იარაღი გლობალური ომის პარტიის ხელში.
გადაფარებული ვიყავით მასზე და ვამბობდით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის „ფსბ“-ს რეზიდენტი, არ არის რუსეთის აგენტი, არ არის პუტინისტი და დღეს, ზუსტად იმავეს, რასაც ამბობდა რადიკალური ოპოზიცია მასზე, პრეზიდენტი რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად იყენებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, რადგან „ხალხის ძალა“ უმრავლესობის წევრები ვართ, ამაში ჩვენც მოვიაზრებით.
როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს მიათრევს რუსეთისკენ, საინტერესოა, რა გახდა ასეთი, რომ ვერ „მიათრია“? ეტყობა, გზა აგვერია და იმის ნაცვლად, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთისკენ წაგვეყვანა, უცებ მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან; უცებ მივიღეთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან; უცებ წარვადგინეთ კანდიდატის სტატუსზე განაცხადი და გავატარეთ რეფორმები, რომლითაც საქართველო ყველაზე მეტად თავსებადია ევროკავშირის კრიტერიუმებთან, არა მხოლოდ იმ ორ ქვეყანასთან შედარებით, რომლებმაც ახლახან მიიღეს კანდიდატის სტატუსი (მოლდოვას და უკრაინას ვგულისხმობ), არამედ ბევრ იმ ქვეყანასთან შედარებითაც, რომლებმაც მრავალი წლის წინ მიიღეს კანდიდატის სტატუსი და დღესაც იმ კანდიდატის სტატუსში არიან გაჩხერილები.
ახლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთიდან, კრემლიდან იღებს დავალებებს, როგორ წარმოგვიდგენია, ეს ადამიანი წავა და ევროპაში საქართველოზე კარგს ილაპარაკებს? რა თქმა უნდა, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, თუმცა მე მგონი, უკვე დაიძლია ეს განწყობა დასავლეთში, რომ საქართველოს არ უნდა მიეღო სტატუსი.
ცოტა ფართოდ გავშლი ამ თემას - ცხადია, საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი დასავლეთში, რომლებიც ძალიან ბევრს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი დამათ შორის, ამას აკეთებდნენ, ერთი წლის წინაც რომ მიგვეღო სტატუსი, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ომის პარტიაზე, ცხადია, რომ მას აქვს ძალიან სერიოზული გავლენები და საკმარისია თუნდაც ერთი ქვეყანა, რომ არ მოგვცენ ხმა, რადგან იქ კოლექტიური გადაწყვეტილებაა მისაღები და ყველას თანხმობა უნდა იყოს, საქართველო ვერ მიიღებდა ამ სტატუსს.
რატომ უნდოდათ, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი? პირველ რიგში, სწორედ იმიტომ, რომ ფიქრობდნენ - რადგან ქართველი ხალხი ძალიან სერიოზულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ეს გამოიწვევდა საქართველოში მღელვარებას და ხელისუფლების სისხლიანი გადატრიალების გზით შეცვლას. რაკი მიხვდნენ, რომ ეს არ მოხდება - ხალხს გავაგებინეთ სიმართლე, თუ ვინ უშლის რეალურად ხელს საქართველოს ევროპულ მომავალს, ამიტომაც დღეს უკვე შეიცვალა ვითარება და ძალიან მაღალი ალბათობაა იმის, რომ დასკვნა, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდება, იქნება დადებითი და შესაბამისად, დეკემბრის ბოლოს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ამ ფონზე უკვე ცოტა სხვა რამის მცდელობაა - კი ბატონო, გაძლევთ სტატუსს, მაგრამ გაძლევთ იმიტომ, რომ აქ არის სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.