„ეს არის შეურაცხყოფა არა მხოლოდ ორბანის, არამედ მთლიანად უნგრელი ხალხის, ჩვენი მეგობარი ხალხის. ამ ნარატივის ავტორებმა, მე ვფიქრობ, ბოდიში უნდა მოიხადონ“, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი ოპოზიციის იმ განცხადებებს, რომლის მიხედვით, ვიქტორ ორბანი არის პრორუსი.
სუბარის თქმით, ვიქტორ ორბანი უკვე წლებია მართავს უნგრეთს, ევროკავშირის და NATO-ს წევრ ქვეყანას და მისთვის პრორუსობის დაბრალება სრული აბსურდია.
„დღეს აღმოჩნდა, რომ სლოვაკეთი იღებს იმის მსგავს კანონს, რომლის მიღებაც ჩვენ გვინდოდა მიმდინარე წლის მარტში. სლოვაკეთი ვახსენე და სლოვაკეთის ახალ პრემიერზეც ვიტყვი. დაიწყეს კამპანია, რომ ის პრორუსია და ა.შ. საქართველოს ყველაზე დიდი მხარდამჭერი ვინც არის - ორბანი, ისიც გამოაცხადეს პრორუსად. ეს კი არის უნგრელი ხალხის შეურაცხყოფა, რადგან 19 წლის წინ გაწევრიანდა უნგრეთი ევროკავშირში და ამ 19-დან 17 წელი ქვეყანას მართავს ორბანი, მათ შორის, ბოლო 13 წელი - გადაბმულად. ე.ი. უნგრელი ხალხი არის პრორუსი და ევროკავშირის და NATO-ს წევრ ქვეყანაში ირჩევს პრორუს ლიდერს? ეს არის შეურაცხყოფა არა მხოლოდ ორბანის, არამედ მთლიანად უნგრელი ხალხის, ჩვენი მეგობარი ხალხის. ამ ნარატივის ავტორებმა, მე ვფიქრობ, ბოდიში უნდა მოიხადონ. ამაში ვგულისხმობ ოპოზიციასაც და მათ ჟურნალისტებსაც, რომლებიც ასეთ შეურაცხყოფას აყენებენ არა ვიქტორ ორბანს, არამედ მთელ უნგრელ ხალხს,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.