logo_geo
eng_logo
ხათუნა ლაგაზიძე: ბურჭულაძე შეუერთდა მათ, ვინც 9 წელი ხრეს ქვეყანა
- +

9 სექტემბერი. 2016. 16:41



„სახელმწიფო ხალხისთვის" პარტიის წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ პარტია დატოვა, როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, მისი პარტიიდან წამოსვლის ძირითადი მიზეზი პარტიის ყოფილ ნაციონალებთან გაერთიანება გახდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწია ბურჭულაძის პარტიის რეიტინგმა, რადგან ბურჭულაძე პარტიაში მყოფთა აზრს არ ითვალისწინებდა.



„პაატას გარემოცვაში პოლიტიკურად გამოცდილი ძალიან ცოტა ადამიანი იყო, მათ ეგონათ, რომ ის, რასაც ისინი სიურპრიზს ეძახდნენ, ჩვენთვის ბოლომდე დარჩებოდა სიურპრიზად. ფაქტობრივად, მათ დაიწყეს თამაში და ამ თამაშით, იმ გუნდის, რომელიც პირველივე დღეებიდან პაატასთან ერთად მოდიოდა, გვერდზე დატოვება უნდოდათ. ეს ძალიან ცხადი იყო, ეს საქართველოა და მოგეხსენებათ, რომ ინფორმაციები ჟონავს.

 

ივლისშივე ცხადი იყო, რომ პაატა ბურჭულაძე მოლაპარაკებებს აწარმოებდა „გირჩთან" და მის გარშემო ფორმირებულ კოალიციასთან. ამ ფონზე რეგიონებში, თბილისში და ახალგაზრდულ მოძრაობაში ჩვენი პარტიიდან საუკეთესო ბირთვის გადინება დაიწყო.

 

საერთოდ გაჩერდა ყველაფერი, რეიტინგმა ვარდნა დაიწყო, პარტიული აქტივობა დავიდა ნულზე. ადამიანები მოდიოდნენ და გვთხოვდნენ - გვითხარით, რა გავაკეთოთ, არ გვინდა ფულიო, მაგრამ ყველაფერი გაყინული იყო ამ ერთგვარი სურპრიზის მოლოდინში. ეს სურპრიზიც დადგა - ეს იყო ნაციონალებთან გაერთიანება", - აღნიშნა ლაგაზიძემ.

 

 

როგორც პაატა ბურჭულაძის ყოფილი პარტიის წევრმა აღნიშნა, ყოფილი „ნაციონალების" პარტიაში შეერთებაზე აზრს პარტიაში მყოფებს არ ეკითხებოდნენ, რამაც ბურჭულაძს რეიტინგი საგრძნობლად დაწია. ბურჭულაძის დამოკიდებულება კი ასეთი იყო, რომ ვისაც არ მოსწონდა ეს გადაწყვეტილება შეეძლო პარტია დაეტოვებინა.



„არავისთვის არ უკითხავთ, უნდოდა თუ არა პაატა ბურჭულაძის იმ ახალ თაობას, რომლითაც ის უნდა მოსულიყო პოლიტიკაში, ნაციონალებთან გაიგივება და შერწყმა. ლაპარაკია იმ ნაციონალებზე, რომლებმაც კი არ მოინანიეს ის, რასაც აკეთებდნენ 9 წლის განმავლობაში, არამედ გაიყიდნენ. მაშინ ხომ იყვნენ თანაავტორები, განსაკუთრებით იმ აბსოლუტური უმსგავსობის, რაც სასამართლო და საკანონმდებლო სისტემაში ხდებოდა, მონანიების გამო კი არ წამოვიდნენ „ნაციონალური მოძრაობისგან", წამოვიდნენ იმიტომ, რომ გაიყიდნენ.

 

 ერთ ამორალობას, მეორე ამორალობა დაურთეს ზედ და დღეს ამ არამონანიე, მაგრამ სულგაყიდულ ადამიანებთან მოხდა პაატა ბურჭულაძის ამ უზარმაზარი, მაგრამ უკვე განულებული რესურსის შერწყმა და ამით ბურჭულაძის დარჩენილი რეიტინგის ერთბაშად დაცემა. ამას მოჰყვა ძალიან ბევრი ადამიანის წასვლა პარტიიდან.

 

 გამაოგნებელი იყო პაატა ბურჭულაძის დამოკიდებულება ამ ფაქტებზე - ვისაც არ უნდა, წავიდესო. თავის დროზე, ეს ხალხი მოდიოდა არა ნაციონალებთან, რომლებმაც 9 წელი ხრეს ქვეყანა და 9 წლის მერე ნაციონალების გაყიდვით სარფიანად მოითბეს ხელი, არამედ მოდიოდნენ პაატა ბურჭულაძესთან. მოდიოდნენ იდეებით, სუფთა ხელებით და ამ ადამიანებს პაატა ბურჭულაძემ ერთბაშად მიუჯახუნა კარი და თქვა, რომ ვისაც ჩემთან არ უნდა, ყველა სუს-ის მართულია და წავიდესო", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner