ოპოზიციის ქმედებებზე საუბრობს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ვარაუდობს, რომ ოპოზიციის მხრიდან თვეების განმავლობაში ჩატარებული სამუშაო რევოლუციის მოწყობის მცდელობა იყო.
„რაც სპეცსამსახურებმა გამოააშკარავეს, კარგია, მაგრამ, ვინ იცის, კიდევ რამდენია ასეთი ფაქტი? რამდენ ახალგაზრდას წამლავენ უცხოური დაფინანსებით და აქეზებენ საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ? როგორ ყველაფერი მძივივით აუწყვიათ: ჯერ თეორიული ცოდნის მიღება ტრენინგებით, შემდეგ, იარაღის გამოყენების წვრთნა, შემდეგ ქმედება და თუკი დააკავეს, ფულის გადახდითაც კი დაუზღვევიათ. მოკლედ, მაღალ პროფესიონალურ დონეზეა ნამუშევარი და ალბათ რევოლუციაც მაღალი აქტივობით სურდათ. ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო, ნათქვამია. სწორედ ამიტომ არ მიგვაღებინეს ჩვენთვის ამერიკული, მათთვის კი რუსული FARA, არ სურდათ სინათლე საქართველოში. ასე ჩუმად და მალულად აპირებდნენ ცეცხლის აგიზგიზებას. ეს არ არის ამ წელს დაწყებული რევოლუციური წვრთნები.
მარტის ამბებს ეტყობოდა, რომ არეულობისთვის უკვე კარგად მომზადებული აქტივი ჰყავდათ, უბრალოდ, დროზე ადრე, მათთვის მოულოდნელად მოუწიათ ავანსცენაზე გამოყვანა და ეგონათ დაასრულებდნენ. თუმცა, წააგეს არა მარტო იმით, რომ რუსთაველზე სისხლი ვერ დაღვარეს, არამედ უფრო იმით, რომ კარგად გაწვრთნილი სახეები დაგვანახეს, კულისებიდან გამოვატანინეთ თავიანთი გეგმები. სულსწრაფობამ შეცდომა დააშვებინათ. ახლა კი, ალბათ არჩევნებამდე სერიებად მოგვიწევს არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი უცხოელი დონორების „საგმირო საქმეების" ყურება,“ - წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩიბურდანიძე.