ამერიკული კანონის „Fara“-ს ანალოგის ჩაგდებით გამოწვეულ შედეგებზე საუბრობს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე. მისი თქმით, ინიციატივა საფრთხისგან იცავდა საქართველოს.
„ჩვენს მიერ გაზაფხულზე ინიცირებული ამერიკული კანონის „Fara“-ს ანალოგი, რომელსაც დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იღებენ, იმ საფრთხისგან იცავდა საქართველოს, რაც უკვე მერამდენედ გამოავლინეს ჩვენმა სპეცსამსახურებმა. პოლიტიკური ქველმოქმედება რევოლუციის სასარგებლოდ - აი, ეს არის ხშირად უცხოური დაფინანსების რეალური მიზანი უკვე გამოვლენილი ფაქტების შესახებ. თუმცა, ვინ იცის, კიდევ რამდენია მსგავსი ორგანიზაცია, რომელიც ჯერ ვითომცდა უმტკივნეულო ტრენინგებით ასწავლის ახალგაზრდებს რევოლუციის მოხდენას, სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას და შემდეგ, თუკი ვინმე დააკავეს, აფინანსებენ კიდეც. აღარაფერს ვამბობ, თავად ამ პირების შესაძლო პირად დაფინანსებაზეც. სწორედ ასეთი ფაქტების გამოვლენის შიშით მოინათლა „წაუკითხავი კანონი“ რუსულად, რათა საზოგადოებას მისსავე სასარგებლოდ არ სცოდნოდა სიმართლე. წესი კი წესად რჩება, „ჭირი საკუთარ თავს ვერ მალავს“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.