ავტორი მარიამ პაიჭაძე
სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ დანელია „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატად არის წარდგენილი მარტვილსა და აბაშაში და დღეიდან იგი უკვე აქტიურად აპირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას. ყოფილ მინისტრს და მაჟორიტარობის კანდიდატს „რეპორტიორი" სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა:
- შეაფასეთ თქვენი მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი და გამოყავით რამდენიმე პროექტი, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო...
- პირველ რიგში, უნდა გამოვყოთ ახალი საწარმოები. მოგეხსენებათ, ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ წარმოვადგინეთ ბოლო ოთხი არასრული წლის ანგარიში. ჩვენ გვაქვს დაფინანსებული 150 ახალი საწარმო. საერთო ჯამში, აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში 300 მილიონ ლარზე მეტი აგროინვესტი დავაზღვიეთ ბოლო 2 წლის მანძილზე. 1600-ზე მეტი კოოპერატივი დარეგისტრირდა საქართველოში და რაც ყველაზე მთავარია, ჯანსაღად ვითარდება. მნიშვნელოვანია რთველი, რომელმაც ბოლო 3 წლის შედეგად 400 მილიონ ლარამდე სარგებელი მოუტანა მევენახეებსა და მეღვინეობის განვითარების თვალსაზრისით სტიმული უფრო გაზარდა. ძალიან მნიშვნელოვანია მელიორაციის პროექტი.
აქვე, უნდა აღინიშნოს საერთაშორისო ურთიერთობები და ვაჭრობა, სადაც, როგორც ხედავთ, ჩინეთი, აზია და ევროკავშირი ძალიან გააქტიურდნენ. აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტის 30%-ზე მეტი მოდის ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე. ჩინეთში გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა, რაც 2020 წლამდე კიდევ უფრო გაიზრდება. ქართული ღვინის სახლი გაიხსნა ჩინეთში, სადაც ძალიან აქტიურ კამპანიას ეწევიან ქართული ღვინის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, რაც, რა თქმა უნდა, ამ დარგისთვის დამატებითი სტიმულია. აგროკულტურის განვითარების სტრატეგიას ამუშავებს სახელმწიფო. ძალიან მნიშვნელოვანია მეფუტკრეობის მიმართულება, და ვფიქრობ, საქართველოდან მოხდება ევროკავშირის ქვეყნებში თაფლის ექსპორტი. პროექტი „დანერგე მომავალი", რომლის ფარგლებშიც 1500 ჰექტრამდე მრავალწლოვანი ხეხილოვანი ბაღები გაშენდა.
- როგორ მიმდინარეობს კახეთში რთველის პროცესი?
- როგორც წესი, დასაწყისში არის ხოლმე დიდი ვნებათაღელვა, მაგრამ ამ ეტაპზე, ძალიან სტაბილურად მიმდინარეობს. არანაირი პრეტენზია არ დაფიქსირებულა და არც პროვოკაციებს ჰქონია ადგილი, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას არ გამოვრიცხავ. მოგეხსენებათ, საარჩევნო წელია და შარშანდელი პრაქტიკიდან გამომდინარე, როდესაც პროვოკაციები იყო რთველის დაწყებამდეც კი, ბუნებრივია, ამისგან დაზღვეულები არც ახლა ვართ.
- კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა სუბსიდიებით?
- რა თქმა უნდა, მოსახლეობა კმაყოფილია სუბსიდიებით. ბუნებრივია, ყოველთვის ყველას ურჩევნია, მეტი გადაუხადონ. გადავხედეთ ტარიფებს და გაუმჯობესებული კონიუნქტურით შევთავაზეთ რთველი მევენახეებს და მეღვინეებს.
- ერთგვარი შედარება რომ გააკეთოთ, რამდენად წარმატებული იყო შარშანდელი რთველი და რა მოლოდინები გაქვთ წელს?
- ჩვენი ხელისუფლების პირობებში ყველა რთველი იყო ძალიან წარმატებული, მათ შორის შარშანდელიც. წელს, შარშანდელზე ნაკლებ ყურძენს არ ველოდებით სამრეწველო გადამუშავებისთვის.
- როგორც „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი, როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს და რა მოლოდინები გაქვთ ოქტომბრის არჩევნებზე?
- წინასაარჩევნო გარემო ჯერჯერობით არის ნორმალური. სამწუხაროდ, ძალადობის რამდენიმე ფაქტს ჰქონდა ადგილი. თავს შევიკავებ კონკრეტიკისგან, მაგრამ იმედი მაქვს, შესაბამისი უწყებები, მათ შორის სადამკვირვებლო მისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ამას ყველაფერს აფიქსირებენ და შესაბამის ანგარიშებს აწარმოებენ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი საარჩევნო გარემოსთვის. ამ ეტაპზე, მე შემიძლია ჩემს მუნიციპალიტეტებზე მოგახსენოთ, რომ ძალიან სტაბილურად ვეწევით წინასაარჩევნო კამპანიას და დღეიდან ვიწყებ საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართვას.
- რა პრობლემებია დღეს მარტვილსა და აბაშაში?
- პრობლემები ყველა ქვეყანაში და ყველა ქალაქშია, ჩვენც ვერ ვიქნებით გამონაკლისი. ვფიქრობ, მოუგვარებელი პრობლემები ნამდვილად არ არის. საკმაოდ ბევრი პროექტი განხორციელდა. გაზიფიცირების, წყალმომარაგების თუ გზების ნაწილში ინფრასტრუქტურული პროექტები. სპორტული მიმართულებით არის მთელი რიგი პროექტები განსახორციელებელი, რომლებზეც უკვე დავიწყე კონსულტაციები და ამ მიმართულებით გვექნება ძალიან საინტერესო 2017 წელი. ძალიან ბევრი მიმართულებით გააქტიურდება სპორტი აბაშაშიც და მარტვილშიც.
- რა გეგმები გაქვთ და რას ჰპირდებით მოსახლეობას?
- ჩემთვის ორივე მუნიციპალიტეტი არის თანაბრად პრიორიტეტული. ორივე მუნიციპალიტეტს აქვს ძალიან საინტერესო მიმართულებები. მათ შორის, საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სამრეწველო გადამუშავების კუთხით. ველოდებით დასკვნას, რომელსაც სპეციალისტები ამზადებენ რენტაბელობასა და სანედლეულო ბაზის საკითხებთან დაკავშირებით. ასევე მეღვინეობის კუთხით სერიოზულად გააქტიურდება რეგიონი ვინაიდან ამ მიმართულებით გვაქვს რამდენიმე სერიოზული სიახლე, რომელსაც უკვე ღვინის ფესტივალზე 20 ოქტომბერს, ღვინის კვირეულის ფარგლებში გავაცნობთ საზოგადოებას.
მარტვილის კანიონი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული ობიექტი. იქ არის ძალიან ბევრი კარგად შენახული „საიდუმლო", რომელიც დიდი პოტენციალის მატარებელია. გვაქვს ძალიან კარგად დაგეგმილი შესაბამის უწყებებთან ერთად, თუ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის განვითარება, როგორ შეიძლება, ხელი შევუწყოთ ტურიზმის განვითარებას. დიდი ინტერესია ინვესტორების მხრიდან.
თუ აქამდე ჩემთვის სოფლის მეურნეობა პრიორიტეტი იყო, დღეიდან უკვე ყველა მიმართულება თანაბრად პრიორიტეტული ხდება და ამიტომ, ყურადღებას მივაქცევ მაქსიმალურად, რომ ყველა დაგეგმილი პროექტი შესრულდეს შესაბამის ვადებში. მაქსიმალურად გავაკონტროლებ ჩემი შესაძლებლობებისა და რესურსების ფარგლებში იმ პროექტებს, რომლებზეც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, ადგილობრივ მთავრობასა და ხელისუფლებას აქვს აღებული პასუხისმგებლობა, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი დროულად შესრულდეს. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ორივე მუნიციპალიტეტს არა მხოლოდ ტურიზმის თვალსაზრისით, არამედ იმ მიმართულებებით, რომლებიც შეიძლება სამომავლოდ ამ მუნიციპალიტეტების ნიშად იქცეს.