10 სექტემბერს, 21:00 საათზე,ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ოდესა-ბათუმი ფოტოდღეები 2016" გაიხსნება.
ფესტივალი, რომელიც წელს მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური პროექტის „Check in Georgia"-ს ფარგლებში 10-14 სექტემბერს იმართება, ორ ქვეყანას ერთი პროექტის ფარგლებში გააერთიანებს. ბათუმის საგამოფენო სივრცეებში მოეწყობა გამოფენები, ფოტოჩვენებები, პრეზენტაციები და ჩატარდება მასტერკლასები. ფესტივალის მთავარი სტუმრები იქნებიან ცნობილი პოლონელი, პალესტინელი და სამხრეთკორეელი ფოტოგრაფები ტომაშ ლაზარი, ალან შიბლი და კენგ ჯუკი. ისინი გამოფენების პარალელურად, დაინტერესებული პირებისთვის მასტერ-კლასებს მოაწყობენ. ფესტივალის ფარგლებში, წარდგენილი იქნება ირანული ფოტოგრაფია ღამის ჩვენების და ლექციის სახით, რომელსაც ცნობილი ირანელი ფოტოგრაფი ალი აკბარ შირჯიანი გამართავს. გარდა უცხოური სექციისა, ფესტივალის ფარგლებში გამოიფინება მე-19-20 საუკუნის ქართველი ფოტოგრაფის შალვა ალხანაიძის საოჯახო არქივი „მოგონებები შუშაში". ფესტივალის 2016 წლის გამაერთიანებელი თემაა „ტერიტორია-სივრცე", სწორედ ამ მთავარი გამოფენით გაიხსნება ფესტივალი.
„ოდესა-ბათუმი ფოტოდღეები" ახალგაზრდა ფესტივალია, მას საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. იგი ყოველწლიური ღონისძიებაა და ორივე ქვეყანაში იმართება - აპრილში ოდესაში, ხოლო სექტემბერში - ბათუმში.
ფესტივალის მთავარი პარტნიორებია „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე" და „არტ ტრაველი" ოდესიდან. ფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი, „თიბისი ბანკი", საქართველოს ეროვნული მუზეუმი, აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, „ნეტგაზეთი", „ბათუმელები", რადიო „აჭარა", „ინფობათუმი", კინოთეატრი „აპოლო" და სხვა.