„საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში გვექნება 15-ზე მეტი შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან, ვისაუბრებთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და, ზოგადად, იმ პროგრესზე, რაც საქართველოს აქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ძირითადად შეხვედრები იქნება ლათინური ამერიკის, აფრიკისა და აზიიის ქვეყნების წარმომადგენლებთან.
„დღეიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს მსოფლიოს საპარლამენტო კავშირის ყოველწლიურ სესიაში, რომელიც წელს ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში იმართება. ჩვენ ამ პლატფორმას ტრადიციულად ვიყენებთ იმ ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან შესახვედრად, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ აქვს. შესაბამისად, გამონაკლისი არ იქნება არც წლევანდელი ასამბლეა. სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან 15-ზე მეტი შეხვედრა გვექნება. ძირითადად ეს არის ლათინური ამერიკის, აფრიკისა და აზიიის ქვეყნების წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, მათთან ვისაუბრებთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იქ არსებულ მდგომარეობაზე და, ზოგადად, იმ პროგრესზე, რაც საქართველოს აქვს.
შევეცდებით, მათ ჩვენი გამოცდილების გაზიარება შევთავაზოთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი რეფორმის კუთხით. შევეცდებით, მათი მხარდაჭერა მოვიპოვოთ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, როცა საქართველოს საკითხი იქნება განხილული. საპარლამენტო დიპლომატია ერთი მიმართულებაა. ასევე არის სამთავრობო ხაზი, თუმცა საპარლამენტო დიპლომატიით მიღწეულმა წარმატებამ გვაჩვენა, რომ შარშან, როცა რუანდაში, ამ ასამბლეაში ვმონაწილეობდით და აფრიკის წევრი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს შევხვდით, წელს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ამ ქვეყნებიდან ბევრმა საქართველოს მხარი დაუჭირა და წელს ქვეყანას უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა გაერო-ს წევრი ქვეყნებისგან. იმედია, ეს მომავალშიც გაგრძელდება და სწორედ ამიტომ ამ ფორმატს ჩვენთვის განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია 23-27 ოქტომბერს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი.