კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ქართული ალპინიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით ვეტერან მოყვარულ ალპინისტებს: ავთანდილ ჩხიკვაძეს (86 წელი), თამაზ შარაშენიძესა (69 წელი) და ვაჟა ჩაგელიშვილს (80 წელი) შეხვდა. შეხვედრაზე მყინვარწვერის ექსპედიციასა და ქართული ალპინიზმის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.
25-30 აგვისტოს, ქართული ეროვნული ალპინიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, 86 წლის ავთანდილ ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით საქართველოს მოყვარული ალპინისტების რვაკაციანმა ჯგუფმა – ავთანდილ ჩხიკვაძე, თამაზ შარაშენიძე, ვაჟა ჩაგელიშვილი, ზურაბ ტაკიძე, გიორგი ბერიანი, დავით სალდაძე, ვასილ რევიშვილი, ლუკა კვარაცხელია – მყინვარწვერზე წარმატებული ექსპედიცია განახორციელა. გარდა ამისა, სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, ქართული ალპინიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში მთამსვლელთა ფესტივალი გაიმართა.
მყინვარწვერზე მასობრივი ექსპედიცია 3-7 ოქტომბერს მოეწყო, რომელშიც 30 მთამსვლელი მონაწილეობდა. ღონისძიებას 100-ზე მეტი სტუმარი ჰყავდა. ფესტივალი გრანდიოზული კონცერტით დამთავრდა. შეგახსენებთ, რომ წელს 100 წელი გავიდა მყინვარწვერზე ქართველთა პირველი ასვლიდან. ექსპედიციები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ ალპინიზმს, 1923 წლის აგვისტოში – გიორგი ნიკოლაძის, ხოლო სექტემბერში ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა.