logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მოლოდინი გაუმჯობესებულია, ოპტიმიზმის მეტი საფუძველი გვაქვს და პრაქტიკულად უკვე მწიფდება გადაწყვეტილება - ჩვენ ძალიან მაღალი ალბათობით დეკემბერში მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი
- +

24 ოქტომბერი. 2023. 13:45

 

 

ჩვენი მოლოდინი გაუმჯობესებულია, ოპტიმიზმის მეტი საფუძველი გვაქვს და პრაქტიკულად უკვე მწიფდება გადაწყვეტილება - ჩვენ ძალიან მაღალი ალბათობით დეკემბერში მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„ჩვენ უკვე წელიწად-ნახევარია ვაცხადებთ იმას, რომ ოპოზიციას აქვს ერთადერთი მიზანი, როგორმე არ მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. საგულდაგულოდ ცდილობენ დამალონ ეს ყველაფერი, მაგრამ პერიოდულად აქვთ წამოცდენები იმასთან დაკავშირებით, რომ არ სურთ კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, გუბაზ სანიკიძის ეს განცხადებაც მორიგი წამოცდენაა, რომელიც ამ თემას უკავშირდება. რეალურად, ეს არის სინამდვილე, რაც საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ კანდიდატის სტატუსისთვის. საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა დაფასდება და დეკემბერში მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ჩვენი მოლოდინი გაუმჯობესებულია, ოპტიმიზმის მეტი საფუძველი გვაქვს და პრაქტიკულად უკვე მწიფდება ეს გადაწყვეტილება. თავისთავად, ის ფაქტიც, რომ ვიღაცები ამის თავის თავზე მიწერას ცდილობენ მეტყველებს იმაზე, რომ სწორედ აქეთ მიდის პროცესი. ჩვენ ძალიან მაღალი ალბათობით დეკემბერში მოგვენიჭება სტატუსი“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

„გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის.

 

მანამდე ამავე გაერთიანების წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ თქვა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის და თუ ქვეყანა სტატუსს მაინც მიიღებს, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში დარჩენა 2030 წლამდე გარანტირებული ექნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner