„ეს არა მარტო სამართლებრივად არასწორია, ეს არის პირდაპირ ქართული სახელმწიფოს უპატივცემულობა, კონკრეტული დონორი ორგანიზაციების მხრიდან. გარდა ამისა, ეს ნიშნავს პირდაპირ რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას“, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მარტის მოვლენების დროს აქციებზე დაკავებულ აქტივისტების ნაცვლად, რომლებსაც სასამართლომ კანონდარღვევისთვის ფინანსური სანქცია დააკისრა, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ დაფუძნებული ფონდის მიერ ჯარიმის გადახდა.
კობახიძის განცხადებით, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რევოლუციური მიზნებისთვის დახარჯული თანხები გამჭვირვალე იყოს, თუმცა ძალებმა, რომლებიც ამ პროცესებს აფინანსებენ, შესაბამისი კანონის წინააღმდეგ პროტესტი დააორგანიზეს.
„საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული თეთრი თუ ცენტი, რომელიც იხარჯება ასეთი მიზნით, იყოს გამჭვირვალე. ჩვენ გვქონდა მცდელობა, მიგვეღო შესაბამისი კანონი, მაგრამ სწორედ იმ ძალებმა დააორგანიზეს პროტესტი ამ კანონის წინააღმდეგ, რომლებიც აფინანსებენ რევოლუციურ პროცესებს ჩვენს ქვეყანაში და ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.