რაც უფრო აიწევა ხოლმე თემა მედიაში და მეტად მიდის ამ თემის გამოყენება, მით უფრო რთულდება ხოლმე ამ ადამიანის გათავისუფლება. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება და ყველას ვთხოვ, ეს ამბავი გაითვალისწინონ, - ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
ჟურნალისტებმა მდინარაძეს კითხვა ირაკლი ბებუასთან დაკავშირებით დაუსვეს, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონო პატიმრობაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
„ამაზე [ირაკლი ბებუაზე] ვრცლად ისაუბრა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, როდესაც პარლამენტში იყო. როდესაც ცუდი მდგომარეობაა ამის დრამატიზება ხანდახან არათუ ხელს უწყობს ეს ადამიანები დახსნილი იქნან პატიმრობიდან, არამედ ამძაფრებს სიტუაციას. გთხოვთ ხოლმე, რომ ობიექტურად გაშუქდეს ინფორმაცია და არ იყოს რომელიღაც ოპოზიციური პარტიის და პარტიული მედიის მიერ გამოყენებული ნეგატიური პიარისთვის. მხოლოდ ამ მიზანს არ უნდა ემსახურებოდეს. ამის მიზანი რომ იყოს მისი [ბებუას] გათავისუფლება, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ რაც უფრო ცუდი ამბის დრამატიზება ხდება და სხვა მიმართულებით წაყვანა, ეს მერე ხელს უშლის უსაფრთხოების სამსახურს, პარტნიორსაც, მეგობარსაც ამ საკითხის პოზიტიურად გადაწყვეტაში. რაც უფრო აიწევა ხოლმე თემა მედიაში და მეტად მიდის ამ თემის გამოყენება, მით უფრო რთულდება ხოლმე ამ [უკანონო პატიმრობაში მყოფი] ადამიანის გათავისუფლება. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება და ყველას ვთხოვ, ეს ამბავი გაითვალისწინონ“, - აღნიშნა მდინარაძემ.
ირაკლი ბებუა დე ფაქტო სასამართლომ „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანებისა“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის“ მუხლებით 2020 გაასამართლა. ირაკლი ბებუამ გალის კულტურის სასახლის მთავარ შესასვლელში გამოკრულ დროშას მაშინ წაუკიდა ცეცხლი, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე „აფხაზეთის გამარჯვების“ წლისთავი აღინიშნებოდა. ახლობლები ირწმუნებიან, რომ ირაკლი ბებუას ჯანმრთელობა დღითი დღე უარესდება.